ფილმის აღიარება რეჟისორ რეზო ჩხეიძის, სცენარის ავტორის სულიკო ჟღენტისა და ფილმში მთავარი როლის შემსრულებლის, მსახიობ სერგო ზაქარიაძის ერთობლივი დამსახურებაა. აქვე შეგახსენებთ, რომ რეზო ჩხეიძემ და სულიკო ჟღენტმა ერთმანეთი სტუდენტობისას, „ვგიკში" სწავლის დროს გაიცნეს.
ფილმის გარშემო ბევრი რამ ითქვა, მაგრამ ბევრი რამ ყველასათვის ცნობილი არ არის. თანაც, ვფიქრობთ, ახალგაზრდა თაობას, რომელმაც ცოტა ხნის წინ ამერიკული კომპანიის მიერ დამზადებული ფილმის ფერადი ვერსია იხილა, ეს ფაქტები დააინტერესებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ფილმის გაფერადების შეკვეთა ამერიკულ კომპანიას მოსკოვში მოქმედმა ბელგიურმა ფირმამ მისცა და ამ პროცესს რეჟისორი სიცოცხლეში აქტიურად ადევნებდა თვალყურს.
კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე
© РИА Новости
ფილმში სცენარისტის სულიკო ჟღენტის პირადი ცხოვრების რეალური ამბავია გამოყენებული. ის 18 წლის იყო, როცა ოჯახის დაუკითხავად ომში მოხალისედ წასულა. ერთი ბრძოლის დროს მძიმედ დაჭრილი ჰოსპიტალში დაუწვენიათ. მამამისს შვილის მოსაძებნად გრძელი და საშიში გზა გაუვლია.
რეზო ჩხეიძის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მისმა სტუდენტმა რუსუდან შაიშმელაშვილმა დიდ მაესტროზე დოკუმენტური ფილმი „ცხოვრება კადრებიდან“ გადაიღო. მასში „ჯარისკაცის მამის“ გადაღებამდე და გადაღების შემდეგ მომხდარ ამბებზე რეჟისორის მონათხრობი შევიდა.
ფილმის ისტორია დაიწყო ერთ მშვენიერ დღეს კინოსტუდიის ეზოში, სადაც იმ პერიოდში ფილმ „ზღვის ბილიკის“ გადაღება მიმდინარეობდა, მასში სერგო ზაქარიაძეს იღებდნენ. „ჯარისკაცის მამის“ გადაღების იდეა სწორედ მაშინ გაჩენილა. კინოსტუდიაში მისულ სულიკო ჟღენტს რეზო ჩხეიძისთვის წასაკითხად „ჯარისკაცის მამის“ სცენარი გადაუცია. აღფრთოვანებული მაესტრო მეორე დილით კინოსტუდიაში სერგო ზაქარიაძესთან მისულა.
ამ ამბავს ფილმში თავად რეზო ჩხეიძე ასე იხსენებს: „დილა მშვიდობისა, ბატონო სერგო! — ვუთხარი. მას ჩემთვის არც შემოუხედავს. სცენარი მოგიტანეთ, აქ არის კახელი მევენახე კაცის სახე დახატული. საქმე ისაა, რომ სცენარის დასაწყისში წერია, რომ ამ მოხუცის შვილი იყო ფრონტზე, რომ ის ტანკისტია, რომ ის ახლა დაჭრილია. აქ სერგომ დაინტერსებულად ამომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს და ისევ გრიმს მიუბრუნდა. მე გავაგრძელე, ჩადის ეს მახარაშვილი ფრონტზე, იპოვის იმ ჰოსპიტალს, სადაც მისი შვილი იწვა. აქ სერგომ გამომხედა: რაო? რა და გამოდის, რომ თითქოს ტყუილად ჩასულა იქ, შვილი უკვე გაუწერიათ და ფრონტზე გაუმგზავრებიათ ისევ ტანკისტად, საბრძოლველად. სერგომ მკითხა: მერე? რა გადაწყვიტა ამ შენმა მახარაშვილმა? რა და მან დაიწყო იმ გზით სიარული, სადაც ეგულებოდა, რომ მისი შვილი ტანკით წავიდა. მიდის ამ გზას მიაბიჯებს და ვერ პოულობს შვილს. მერე? მერე რა ქნა?! — ფეხზე წამოდგა ბატონი სერგო და მომიახლოვდა. მე ვუთხარი, მაშინ მიაგნო მის შვილს, როდესაც დაჭრილი იყო ბერლინში. იმ ადგილზე, სადაც ის უკვე დაღუპულ შვილს ეუბნება, დედაშენს რა ვუთხრაო, მას ცრემლები წამოუვიდა და პატარა ბავშვივით აუთამაშდა მთელი სახე. ტირის ბატონო სერგო. მე ვუთხარი, მოგეწონათ, ბატონო სერგო? ძალიანო — მიპასუხა. მე მინდა ფილმი გადავიღო და თქვენ ითამაშოთ გიორგი მახარაშვილი. მე უნდა ვითამაშო ეს როლი? ასეთი ბედნიერი ვიქნები, რომ მე ვითამაშო?! — იქნებით ბატონო სერგო! უცებ სერგომ რომ გაიაზრა ეს ყველაფერი, გრიმი გვერდით გადადო და ორივემ ტირილი დავიწყეთ“.
იმ პერიოდში, ანუ საბჭოთა ეპოქაში ყოველი ახალი ფილმის ჩაბარება მოსკოვის კინემატოგრაფისტთა საკავშირო კომიტეტში ხდებოდა და მაშინდელ სამხედრო უწყებას ფილმის გაშვებაზე უარი უთქვამს. ამის მიზეზად კი შემდეგი დაუსახელებია: ჩვენს ოფიცერს ეს ქართველი პაპა ხელს რატომ ურტყამს?! საბოლოოდ ფილმი თაროზე სამუდამოდ შემოდებისგან იმ დროს ყველაზე მკაცრ საბჭოთა გენერალ ვოსტოკოვს გადაურჩენია.
რუსუდან შაიშმელაშვილი, რეჟისორ რეზო ჩხეიძეზე გადაღებული ფილმის „ცხოვრება კადრებში“ ავტორი: მე ბატონი რეზოს სტუდენტი ვიყავი და ამიტომ არავის გაკვირვებია, რომ მასზე ფილმის გადაღება მე დამავალა. ფილმის გადასაღებად წავედით კახეთში, გურჯაანში, სადაც თან გვახლდა ჩვენი მეგობარი, არაჩვეულებრივი ოპერატორი ვაჟა თოფურია. ამ ყველაფერს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ხელმძღვანელობდა. სიტყვები არ მყოფნის, მეუფემ გადაღებების პერიოდში იმდენი რამ გაგვიკეთა. ბატონმა რეზომ მითხრა, „ჯარისკაცის მამის“ გადაღებიდან ამდენი წლის შემდეგ გურჯაანში პირველად ჩავდივარო. თავის დროზე „ჯარისკაცის მამა“ პირველად სწორედ გურჯაანელებს უნახავთ. მას შემდეგ მათთან ჩასული სერგო ზაქარიაძის დანახვაზე თურმე ამბობდნენ, ჩვენი პაპა მოვიდაო!.. ბედნიერი ვარ, რომ ჩემ საყვარელ პედაგოგზე ფილმის ავტორობის პატივი მე მერგო წილად… სამწუხაროდ, ბატონი რეზო ფილმის ნახვას ვერ მოესწრო“…