ქალმა შეყვარებულს ცხვირი მოაკვნიტა და სამუდამოდ დაამახინჯა

Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ახალგაზრდა ქალმა შეყვარებულს ცხვირი მოაკვნიტა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სამუდამოდ დაამახინჯა კაცი, ციხეში ჩაჯდომას გადაურჩა, იუწყება Daily Mail.
გავრცელებული ცნობით, 26 წლის ბრონვინ დაუნსი და მისი ბოიფრენდი ლუკ ბერი ერთ საღამოს ბარში იმყოფებოდნენ და ალკოჰოლს მიირთმევდნენ, როდესაც ქალმა დარბაზში მუსიკალური ავტომატი შენიშნა.
ბრონვინმა გადაწყვიტა ესარგებლა ავტომატით, მაგრამ სხვა სტუმარმა დაასწრო და ლოდინი მოუხდა. როდესაც ავტომატი გათავისუფლდა, მან ისევ მოისურვა მუსიკის შერჩევა, მაგრამ ახლა სხვა ქალმა დაასწრო. ამან ისე გააბრაზა გვარიანად შემთვრალი ბრონვინ დაუნსი, რომ ჩხუბი დაიწყო და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ის და მისი შეყვარებული ბარიდან გარეთ გააბრძანეს.
ქუჩაში გასულმა დაუნსმა აღმოაჩინა, რომ ჩანთა ბარში დარჩენოდა. ის-ის იყო ლუკი უკან შებრუნებას აპირებდა ჩანთის წამოსაღებად, რომ მოულოდნელად ბრონვინი კბილებით ცხვირში ჩააფრინდა, წვეტი მოაკვნიტა და მიწაზე გადააფურთხა.
სანამ გასისხლიანებული და ტკივილით გაოგნებული ლუკი გამვლელებს დახმარებას სთხოვდა, ბრონვინმა დრო იხელთა და შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდა. დაშავებული მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
მოგვიანებით პოლიციამ ბრონვინ დაუნსი იპოვა და დააპატიმრა. მას უკვე მოესწრო და ალკოჰოლისთვის ექიმის მიერ გამოწერილი აბებიც დაეყოლებინა დიდი რაოდენობით.
დაკითხვისას დაუნსმა პოლიციას განუცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ გონება დაკარგა და არაფერი ახსოვდა. ლუკ ბერიმ კი სამართალდამცველებს არც თავისი სამედიცინო ცნობა წარუდგინა და არც მეგობარი ქალი დაადანაშაულა თავდასხმაში. მან უბრალოდ განაცხადა, რომ ბრონვინს ექიმის დახმარება და მკურნალობა ესაჭიროებოდა.
უფრო მეტიც, დაზარალებულმა კაცმა ბრონვინისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერაც არ მოისურვა.
სასამართლოზე ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ დაუნსსა და ბერის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, იშვიათად კამათობდნენ და თანაც ქალი ძალიან წუხდა მომხდარის გამო — ინანიებდა დანაშაულს.
შესაბამისად, სასამართლომ გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები და ბრონვინ დაუნსს ერთწლიანი პირობითი სასჯელი და 100 საათი საზოგადოებრივი სამუშაოები შეუფარდა. გარდა ამისა, ქალს 15-დღიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლაც დაევალა.
წყარო: Daily Mail