თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. მოუსვენრობისა და შფოთვის შეგრძნება შესაძლოა მოახლოებული გულის შეტევის ნიშნები იყოს და არა პანიკური შეტევისა, რომლებიც ადამიანებს ხშირად ერევათ ერთმანეთში, იუწყება გამოცემა Express დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით.
ექიმების თქმით, პანიკურ შეტევასა და ინფარქტს მსგავსი სიმპტომები აქვთ. ესენია:
პულსის გახშირება,
ძლიერი გულისცემა,
სისუსტე,
თავბრუსხვევა,
ციებ-ცხელება,
კანკალი,
გულისრევის შეგრძნება,
ტკივილი მკერდის ან მუცლის არეში.
გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში ადამიანს ეუფლება შეგრძნება, რომ გონებას კარგავს და ვერ აკონტროლებს საკუთარ სხეულს, ან ეჩვენება, რომ იგუდება.
ბრიტანელი მედიკოსების თქმით, აუცილებელია, რომ ასეთი ნიშნების პირველი გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება. ექიმების მოსვლამდე კი მდგომარეობა შეგიძლიათ „ასპირინით“ შეიმსუბუქოთ და შეეცადოთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
მანამდე MedicalXpress წერდა, როგორ უნდა განვასხვავოთ მოახლოებული ინფარქტისა და პანიკური შეტევების ნიშნები ერთმანეთისგან.
ირკვევა, რომ:
პანიკური შეტევა 5-დან 20 წუთამდე გრძელდება (იშვიათად — ერთი საათი) და შემდეგ თავისთავად ქრება,
გულის შეტევის სიმპტომები კი სამედიცინო დახმარების მიღებამდე არ ლაგდება.
გარდა ამისა, ინფარქტის შემთხვევაში პაციენტი გამაფრთხილებელ ნიშნებს შეტევამდე რამდენიმე დღით ადრე გრძნობს, ამასთან შეტევა უშუალოდ ფიზიკური აქტივობის დროს იწყება, ხოლო პანიკური შეტევა ფიზიკური აქტივობისგან დამოუკიდებლად ვითარდება.