საეკლესიო კალენდარი: 21 თებერვალი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 თებერვალს წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატს, წინასწარმეტყველ ზაქარია მანგლისმხილველს და საბა II სერბეთის არქიეპისკოპოსს იხსენიებს.
Sputnik
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
თეოდორე სტრატილატი
საეკლესიო კალენდარის მიხედვით 21 თებერვალი წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატის ხსენების დღეა.
თეოდორე სტრატილატი ქალაქ ევქიტში ცხოვრობდა. მას მრავალგვარი ნიჭი და შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა მიმადლებული. გულმოწყალე მხედარს უფალმა ქრისტიანული ჭეშმარიტებებიც სრულად შეაცნობინა. წმიდანის ახოვანება საქვეყნოდ მაშინ გაცხადდა, როცა მან, ღვთის შემწეობით, მოკლა ევქიტის მახლობლად უფსკრულში დაბუდებული უზარმაზარი გველი, რომელიც უმოწყალოდ ნთქავდა ადამიანებს და შიშის ზარს სცემდა მოსახლეობას. გამოჩენილი სიმამაცისათვის თეოდორე ქალაქ ჰერაკლიაში სტრატილატად დანიშნეს. მხედართმთავარი თავის წარმართ მეომრებს შორის მხურვალედ ქადაგებდა სახარების სწავლებას. პირადი, ცხოვრებისეული მაგალითით განმტკიცებულმა მისმა სიტყვებმა მრავალი უღმერთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მალე თითქმის მთელი ჰერაკლია გაქრისტიანდა.
საეკლესიო კალენდარი: 20 თებერვალი
ამ დროს იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) მართლმადიდებელთა სასტიკი დევნა წამოიწყო. ის ცდილობდა ღვთაებრივი მადლით განსაკუთრებულად გაბრწყინებული, ყველაზე ახოვანი ქრისტიანობის დამცველები მოეშთო და ამით სარწმუნოებისათვის თავი წარეკვეთა. ერთი ამ რჩეულთაგანი იყო თეოდორე სტრატილატიც. მან ლიკინიუსი თავად მოიწვია ჰერაკლიაში და აღუთქვა, რომ ღმერთებს მსხვერპლს შესწირავდა. თითქოსდა ამ დიდებული ცერემონიის აღსასრულებლად, მან საკუთარ სახლში თავი მოუყარა მთელი ქალაქის ოქროსა და ვერცხლის კერპებს. ქრისტიანობის სიძულვილით დაბრმავებულმა ლიკინიუსმა ირწმუნა თეოდორეს შემონათვალი, მაგრამ სასტიკად მოტყუვდა: მხედარმა ცრუ-ღმერთების ქანდაკებები შემუსრა, მათი ნამსხვრევები კი მოწყალებად გასცა. თეოდორე შეიპყრეს და სასტიკად აწამეს: მიწაზე დააკრეს, ხარის ძარღვებით სცემეს, რკინის სამთითებით ჯიჯგნეს, ცეცხლის ალზე ტანჯეს, თვალები დათხარეს. შემდეგ ხუთი დღე საპყრობილეში ამყოფეს მშიერ-მწყურვალი, ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს. მოახლოებული აღსასრულის მოლოდინში, წმიდანი ლოცვას მიეცა.
უფალმა ისურვა, რომ თეოდორეს მიცვალება ისეთივე სასწაულებრივი ყოფილიყო, როგორც მთელი მისი სიცოცხლე: წყლულები დაუამა მას და ჯვარიდან გარდამოხსნა, მეფის მეომრებმა იხილეს ჭეშმარიტი ღმერთის ძალმოსილება, ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ამის შემდეგ, წმიდანმა არ ისურვა მოწამეობრივი სიკვდილი თავიდან აეცილებინა, დააშოშმინა მტარვალთა წინააღმდეგ აღმდგარი ხალხი და ნებით ჩაბარდა ლიკინიუსს. გზად იგი ერთი სიტყვის წარმოთქმით საპყრობილეთა კარებს განახმიდა და ტუსაღებს ბორკილებისაგან ათავისუფლებდა. მის სამოსელსა და სასწაულებრივ განკურნებულ სხეულზე შეხებით სნეულები და ეშმაკეულები მეყსეულად იკურნებოდნენ. მეფის ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს. სიკვდილის წინ მან თავის მსახურს - უარს, რომელიც ესწრებოდა და აღწერდა მის წამებას, უთხრა: „ნუ დაიზარებ ჩემი მიცვალების დღის ჩანიშვნას, ცხედარი კი ევქაიტში დაჰფალით“, ამ სიტყვებით იგი ყოველწლიურ მოხსენიებას ითხოვდა. შემდეგ წმიდა მოწამემ ნებით მოუდრიკა ქედი მახვილს. ეს მოხდა 319 წლის 3 თებერვალს.
საეკლესიო კალენდარი: 19 თებერვალი
წინასწარმეტყველი ზაქარია მანგლისმხილველი
21 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია წინასწარმეტყველ ზაქარია მანგლისმხილველის იხსენიებს, რომელიც ერთ-ერთი თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი იყო.
„წმიდანთა ცხოვრება“ მოგვითხრობს, რომ 70 წელი იმყოფებოდნენ იუდეველები ბაბილონის ტყვეობაში, მაგრამ ბოლოს მეფე კვიროსმა გაანთავისუფლა ისინი და ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდეგ მიტაცებული სიწმიდეები დაუბრუნა.
დაბრუნებიდან მეშვიდე თვეს იუდეველებმა დანგრეული სამსხვერპლო აღადგინეს, შემდეგ კი ტაძრის აღორძინებასაც შეუდგნენ. კეთილმსახური ადამიანები უხვ შემოწირულობებს აკეთებდნენ, მაგრამ ბოროტი ადამიანების, ავაზაკებისა და წარმართების მანქანებით მშენებლობა ჭიანურდებოდა. ისრაელში სარწმუნოებრივი სულისკვეთების განსახორციელებლად უფალმა მათ შორის ორი წინასწარმეტყველი - ანგია და ზაქარია გამოარჩია.
ზაქარია ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, როცა უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისაკენ მოუწოდა და არაამქვეყნიური სახილველების ჭვრეტის ღირსი გახადა. სწორედ ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნშია განცხადებული მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი მოვლენები, მისი დიდებით შესვლა იერუსალიმში (9,9), უფლის 30 ვერცხლად გაყიდვა და ამ საზღაურით მეკეცის მიწის შესყიდვა (11,12-13), მაცხოვრის გვერდის განგმირვა (12,10), მოციქულთა გაფანტვა გეთსემანიის ბაღში (13,7), მზის დაბნელება მაცხოვრის ჯვარზე ვნების დროს (14,6-7). გადმოცემის მიხედვით, ღვთის მადლის რჩეულმა ჭურჭელმა - ზაქარიამ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. იგი იერუსალიმის მახლობლად დაკრძალეს თავის დიდ თანამედროვე და თანამოსაგრე ანგიასთან ერთად. ზაქარია წინასწარმეტყველს „მანგლისმხილველს“ ვუწოდებთ, რადგან მან ჩვენებით იხილა მანგალივით მოდრეკილი გრაგნილი, რომელიც რისხვის მომასწავლებლად ფრინავდა ჰაერში (5,1-2).
საეკლესიო კალენდარი: 18 თებერვალი
საბა II სერბეთის არქიეპისკოპოსი
მართლმადიდებელი ეკლესია 21 თებერვალს წმიდა საბა II, სერბელი არქიეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საბა II იყო მეფე სტეფანე პირველგვირგვინოსნის მეოთხე ძე. მაშინ, როდესაც მისი ძმები - რადოსლავი, ვლადისლავი და უროში მორიგეობით მეფობდნენ სერბეთში, მან დათმო საერო ცხოვრება და მიჰყვებოდა თავისი წმიდა ბიძის, საბა I-ის საეკლესიო კვალს.
საბა მეორემ მოღვაწეობა დაიწყო ათონის მთის ქილენდარის მონასტრიდან, შემდეგ გადავიდა წმიდა მიწაზე. იგი არჩეულ იქნა სერბეთის მესამე არქიეპისკოპოსად და შვიდი წლის მანძილზე უძღვებოდა სერბულ ეკლესიას გარდაცვალებამდე. მას მუდამ ახსოვდა, რომ უფლის წინაშე პასუხს აგებდა მისდამი მონიჭებული ტალანტის სწორად დახარჯვაში და კეთილად განაგებდა თავის სამწყსოს. გარდაცვალების შემდეგ მისი უხრწნელი სხეული კეთილსურნელებას გამოსცემდა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით