თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. რუსეთი აჩერებს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შეთანხმებაში (CHB III) მონაწილეობას, რომელიც აშშ-თან გაფორმდა 2010 წელს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისას.
მისი თქმით, CHB III-ის ფარგლებში რუსეთის წინადადებებს აშშ უარყოფს, ხოლო ნატო აცხადებს, რომ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება სურს. სწორედ ამის გათვალისწინებით იღებს რუსეთი ამ გადაწყვეტილებას.
„იძულებული ვარ განვაცხადო, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას CHB III-ში. ვიმეორებ: კი არ გამოვდივართ შეთანხმებიდან, არამედ ვაჩერებთ მონაწილეობას. სანამ განხილვებს დავუბრუნდებით, ჩვენ უნდა გავიგოთ, მაინც რაზე აქვთ პრეტენზია ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, და როგორ გამოვთვლით ჩვენ მათ სტრატეგიულ არსენალებს, ანუ ალიანსის კოლექტიურ დარტყმით პოტენციალს“, — აღნიშნა პუტინმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ CHB III თავდაპირველად სრულიად განსხვავებულ პირობებში დაიდო, როდესაც რუსეთი და შეერთებული შტატები ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად არ მოიაზრებდნენ, ახლა კი შეერთებული შტატები რუსეთს ულტიმატუმებს უყენებს.
რუსეთის ლიდერი ფედერალური კრების წინაშე გამოვიდა სიტყვით. ღონისძიებას, რომელიც მოსკოვში, „გოსტინი დვორში“ გაიმართა, გარდა ფედერალური კრების დეპუტატებისა და ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებისა, ასევე დაესწრნენ საზოგადოებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც.