კალაძე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ ხმებზე

კითხვაზე, შეუქმნის თუ არა ეს კანონი საფრთხეს სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობას, კალაძემ უარყოფითად უპასუხა.
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონია და მას არაფერი აქვს საერთო რუსულ კანონმდებლობასთან, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კანონპროექტი მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა ქართული ოპოზიციის, პრეზიდენტისა და აშშ-ის მხრიდან. ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ მას პრინციპების დონეზე უჭერს მხარს, ხოლო დეტალების განხილვა გაგრძელდება.
კანონპროექტის ავტორების – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წარმომადგენელი დეპუტატების აზრით, შემოსავლის წყაროები უნდა იყოს გამჭვირვალე არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.

„ეს დღეებია ვისმენთ ბევრ არასწორ, ცრუ ინფორმაციას, თითქოს ეს არის რუსული კანონი. არანაირი კავშირი რუსულ კანონთან არ აქვს... მიზანმიმართული კამპანია, თითქოს ეს რუსული კანონია, დიდი სიცრუეა. ეს არის ქართული კანონი“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ინტერნეტთან აქვს წვდომა, შეუძლია მოიძიოს სხვა ქვეყნებში – აშშ-ში, უნგრეთში მიღებული კანონები, რომლებიც უფრო მკაცრია.
„რუსულ კანონთან პარალელის გავლება ფიზიკურად შეუძლებელია... დავიწყებთ კანონპროექტის განხილვას. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ ადამიანის უფლებებთან არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში. გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, შეუქმნის თუ არა ამ კანონის მიღება საფრთხეს სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობას, კალაძემ უარყოფითად უპასუხა.
„ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“>>
„არანაირი საფრთხე ორგანიზაციების დახურვის არ არსებობს... ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი კონსტიტუცია, კანონები. ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, პარლამენტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ისეთ კანონს არ მივიღებთ, რომელიც კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოვა“, – აღნიშნა კალაძემ.
ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნამოქმედარია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლება სურს. დეპუტატები კი, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დააარსეს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაინც მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი საქართველოს აახლოებს არა ევროპასთან, არამედ რუსეთთან.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.
რას ითვალისწინებს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ">>
თავის მხრივ, ინიციატივის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ამერიკულ და რუსულ კანონებზე უკეთესია. მათი თქმით, ქართულ ვერსიაში გამოიყენება ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“, რომელიც „სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს“.
წინასწარი ინფორმაციით, უცხოური გავლენის აგენტად უნდა დარეგისტრირდეს ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც უცხოური წყაროდან დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს იღებს.
ჩვენი კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების სრული გამჭვირვალობა, განაცხადეს ინიციატივის ავტორებმა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს