მსოფლიო დღეს

სოციალურ ქსელებზე ფასიანი ხელმოწერა ამოქმედდება: რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს იუზერი

Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. კორპორაცია „მეტა“ მომავალი კვირიდან „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ პროფილის ავთენტურობის დამადასტურებელ ფასიან ხელმოწერას აამოქმედებს, რომელიც ხელმომწერებს ვერიფიკაციის გავლისა და ლურჯი ნიშნის მიღების საშუალებას მისცემს, განაცხადა კორპორაციის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა.

„ეს ფუნქცია ჩვენი სერვისების ავთენტურობისა და უსაფრთხოებისთვისაა შექმნილი“, — აღნიშნა მან.

ცუკერბერგის თქმით, ფასიანი ხელმოწერა თავდაპირველად ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გაივლის ტესტირებას, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც ამოქმედდება.
„მეტა ვერიფიდის“ ფასი, თუ ხელმოწერა iOS-ისა და Android-ის მობილური დანართებიდან გაფორმდება, თვეში 15 დოლარი იქნება, ხოლო თუ კომპიუტერიდან — 12 დოლარი თვეში.
აღინიშნება, რომ მომხმარებლები „მეტა ვერიფიდზე“ დასარეგისტრირებლად რამდენიმე პირობას უნდა აკმაყოფილებდნენ. კერძოდ, უნდა იყვნენ 18 წელზე უფროსი ასაკისა. ამისათვის სერვისი პოტენციურ ხელმომწერებს სახელმწიფოს მიერ გაცემულ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას მოსთხოვს, რომელში შეყვანილი სახელი და ფოტო „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ დაფიქსირებული სახელის და ფოტოს შესაბამისი იქნება.

„დადასტურების შემდეგ თქვენ ვეღარ შეძლებთ პროფილის დასახელების, მომხმარებლის სახელის, დაბადების თარიღისა და ფოტოს შეცვლას პროცესის ხელმეორედ გავლის გარეშე“, — ნათქვამია „მეტას“ განცხადებაში.

სწორედ ამგვარი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ შეძლებს მომხმარებელი ვერიფიკაციის გავლასა და ლურჯი ნიშნის მიღებას, რომელიც მათ პროფილებს დამატებითი დაცვით უზრუნველყოფს და მათი სახელით ფეიკური ანგარიშების გახსნას აღკვეთს.
წყარო: Engadget