„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის რადის მიწვევაზე უარი განაცხადა

მმართველ პარტიაში უარის მიზეზები განმარტეს, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და ამასთან უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა, მიუხედავად ოფიციალური მიწვევისა, უარი განაცხადეს უკრაინაში გამგზავრებაზე.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის რადამ სამხედრო კონფლიქტის წლისთავთან დაკავშირებით 24 თებერვალს კიევში სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია, მაგრამ მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა.
„დიახ, 24 თებერვალს მიწვეული ვართ ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა უარს ვამბობთ", – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე დიპლომატიური ურთიერთობისთვის სივრცე აღარ რჩება.

„როცა უკრაინის მაღალჩინოსნები მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როცა პატიმარ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს, პოლიტპატიმარს უწოდებენ, მე მგონია, რომ ეს არ ტოვებს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს“, – განაცხადა ზარქუამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაათავისუფლოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეაფასა, როგორც ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების ანგარიშსწორება მის მიმართ. უკრაინის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მოქალაქის ინტერესების დაცვას, რომელიც „უნდა გათავისუფლდეს“.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ ცდილობს რუსეთის პოზიციის გამართლებას.
ღარიბაშვილი: საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა>>>
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს. საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და ამასთან უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ „რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის“. მისი თქმით, „სპეცოპერაციის“ მიზანი „დონბასის გათავისუფლება და ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც თავად რუსეთს უსაფრთხოების გარანტიას მისცემს“.
საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.