თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის ფორმალური პროცესი დაიწყო, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განაახლოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ პირობით, რომ სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი. ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა, რადგან ინვესტორმა ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულა.
ორშაბათს ანაკლიის განვითარების უწყებათშორისი კომისიის პირველი ოფიციალური სხდომა გაიმართა. კომისიამ მოიწონა ანაკლიის განვითარების სააგენტოს მიერ შერჩეულ საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად მომზადებული ინტერესთა გამოხატვის პირობები.
კომისიის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო/გარემოსდაცვით კვლევებს და პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.
ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი 49%-ის მფლობელი.
ანაკლიის პორტი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც მალე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.