თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც გზაზე შეზღუდვები დაწესდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი