თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველომ ბოლო 10 წლის განმავლობაში შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა და არ აპირებს მის დაკარგვას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
„საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ საკუთარი გამოწვევები გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ რაც შევძელით ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ის არის, რომ ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს არსებობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება.
„ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა. ეს სჭირდება ხალხს. ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა. ომით ჩვენ ვერ მივაღწევთ ვერც კეთილდღეობას და ვერც სტაბილურობას“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ ცდილობს რუსეთის პოზიციის გამართლებას.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს. საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და ამასთან უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. მისი თქმით, „სპეცოპერაციის“ მიზანი „დონბასის გათავისუფლება და ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც თავად რუსეთს უსაფრთხოების გარანტიას მისცემს“.
საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.