რა ვითარებაა საქართველოს საავტომობილო გზებზე: ბოლო მონაცემები

უამინდობამ საქართველოს გზების გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა.
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ზვავების, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ნაქერალას უღელტეხილზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-58-ე კმ მონაკვეთი).
ასევე რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ფარავნის უღელტეხილზეც (კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ მონაკვეთი).
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ასევე, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარდა ამისა, შეზღუდვები აჭარაშიც მოქმედებს.
კერძოდ, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 88-106-ე კმ (ხულო-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის 38-88-ე კმ (ქედა-ხულო) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის 1-38-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი