თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2022 წელს ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო 4,3 მლნ ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
ამასთან 2021 წელს გამოიწერა 3,1 მლნ ჯარიმა, ხოლო 2020 წელს - 2,5 მლნ.
ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.
გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.
„Sputnik-საქართველო“ გთავაზობთ ავტოსაგზაო წესების დარღვევის ტოპ-ხუთეულს
სიჩქარის გადაჭარბება
ყველაზე გავრცელებული დარღვევა იყო სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.
2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა 1 მილიონზე მეტი ჯარიმა - 50 ლარი.
ტექდათვალიერების არარსებობა
მეორე ადგილზეა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 801,3 ათასი ჯარიმა, რაც 50 ლარს შეადგენს.
პარკირების წესების იგნორირება
მესამე ადგილზეა იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკირება აკრძალულია“, ასევე პარკირების წესების იგნორირება.
ასეთი დარღვევისთვის 2022 წელს გამოიწერა 734,7 ათასი ჯარიმა, რაც 10 ლარს შეადგენს.
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდევარი მართვა
მეოთხე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.
ასეთი 538,4 ათასი დარღვევა დაფიქსირდა და ამისათვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.
უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა
მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა.
ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 238,9 ათასი ჯარიმა, რაც 40 ლარს შეადგენს
ვიდეოჯარიმები და ქულები
დაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.
საერთო ჯამში, 2022 წელს საქართველოში147,9 მილიონი ლარის ოდენობით 3,1 მლნ ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ამავდროულად, მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 78,9 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ
ამავდროულად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 43,5 ათასმა მძღოლმა დაკარგა. სრულად ქულები ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 251 მძღოლს. მართვის უფლების აღსადგენად მძღოლს კვლავ გამოცდების ჩაბარება მოუწევს.
ქულების სრულად შენარჩუნება საქართველოში 1,2 მილიონმა მძღოლმა მოახერხა.