ანანურში მსუბუქი ავტომობილი პატრულის მანქანას დაეჯახა: არის მსხვერპლი

თვითმხილველების თქმით, ავტომობილს რუსეთის სანომრე ნიშნები ჰქონდა.
Sputnik
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ანანურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება „ტვ პირველი“.
გუდაურის გზაზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს სავარაუდოდ საჭესთან ჩაეძინა და საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა. შუახნის მამაკაცმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა.
ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მის ვაჟს, რომელსაც მძიმე ჭრილობები აღენიშნება, გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. პოლიციის ორი თანამშრომელი დაზიანებებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილს რუსეთის სანომრე ნიშნები ჰქონდა.
საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.