მოსაზრება: რუსეთს სამ თვეში განადგურებით ემუქრებიან

Sputnik
დავიდ ნარმანია
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა გუშინ ჟურნალისტებთან გულახდილად ისაუბრა. ტელემარათონის ეთერით ის თანამოქალაქეებს დაჰპირდა, რომ მიმდინარე კონფლიქტი რუსეთის რღვევას გამოიწვევს.
„რუსეთის ფედერაცია აღარ იარსებებს იმ ფორმით, რომლითაც დღეს არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის საფრთხის შემცველი იქნება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა მან.
მისი სიტყვებით, საბრძოლო მოქმედებებში ცვლილებებს უკვე რამდენიმე თვეში უნდა ველოდოთ.
„ზაფხულში, ამაში დარწმუნებული ვარ, ფრონტსა და სხვა მონაკვეთებზე სრულიად განსხვავებულ სურათს დავინახავთ... ვნახავთ, სად ვისი მიწა იქნება ომის შემდეგ“, – აღნიშნა დანილოვმა.

დაისმის კითხვა - რატომ ზაფხულში?

საქმე ისაა, რომ სწორედ ზაფხულში ელოდება უკრაინა თავისი სამხედროების მნიშვნელოვანი ნაწილის დაბრუნებას დასავლეთიდან – ევროპიდან და აშშ-დან, სადაც ისინი მომზადებას გადიან.
ამერიკელები ამზადებენ Patriot-ის ოპერატორებს, გერმანელები და პოლონელები – ეკიპაჟებს „ლეოპარდებისთვის“, ბრიტანელები – არტილერისტებსა და მფრინავებს გამანადგურებლებისთვის, რომლებიც კიევისთვის ჯერ არ გადაუციათ, ბელგიელები – წყალქვეშა დრონების სპეციალისტებს. ამას გარდა, ბერლინი და პარიზი მითითებული ვადისთვის შვიდი ათასი უკრაინელი სამხედროს მომზადებას შეჰპირდნენ.
ტანკების მიწოდება, როგორც ჩანს, ჭიანურდება: გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკვე განაცხადა, რომ Leopard 2-ის ორი ბატალიონის ნაცვლად კიევი ერთ-ნახევარს მიიღებს. როგორც ჩანს, განსხვავება კრიტიკული არ არის, მაგრამ არის ერთი „მაგრამ“.
თავდაპირველი გეგმის თანახმად, უნდა დაეთვალათ გერმანული სტანდარტებით, სადაც ორი ბატალიონი 90 მანქანაზე მეტია. მოგვიანებით ბერლინში დააზუსტეს, რომ საუბარი იყო უკრაინულ ბატალიონებზე, სადაც 60 მანქანა შედის. მაშასადამე, უკრაინის შეიარაღებული ძალები მოსალოდნელი 90-ის ნაცვლად 47 ტანკს მიიღებს. კიდევ 120 ძველი Leopard 1 უკრაინაში წლის ბოლოსთვის ჩავა.

რით არის გამოწვეული ესოდენ რადიკალური რიტორიკა?

ამ კვირაში The Washington Post-მა გამოუშვა სტატია, რომელშიც ვაშინგტონი კიევს აფრთხილებს – კონფლიქტი უკრაინისთვის გადამწყვეტ მომენტს უახლოვდება. გამოცემის წყაროები თეთრ სახლში აღიარებენ, რომ აშშ-ის ხელისუფლება პროტეჟეს დახმარებას დაჰპირდა.
თუმცა ცნობილი ფორმულირება – „იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“ ეხება კონფლიქტის ხანგრძლივობას, მაგრამ არა დახმარების მოცულობას. სხვა სიტყვებით, ვიდრე ზელენსკი უკრაინელების მობილიზაციას ეწევა, ფული იქნება, მაგრამ თუ შედეგები დასავლელ კურატორებს არ მოეწონებათ, რაც მეტხანს გაგრძელდება ეს სიტუაცია, მით ნაკლები იქნება დახმარება.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ სწორედ ეს აზრი უნდა მიეწოდებინათ უკრაინის ხელისუფლებისთვის ამერიკელ ჩინოვნიკებს, რომლებიც კიევს იანვარში ეწვივნენ – სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი და პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილე კოლინ კოლი.
ანალოგიურად შეიძლება ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის ამასწინანდელი გამოსვლის აღქმაც. გასაგებიცაა: ალიანსის საწყობებში მარაგები იწურება. უოლესმა დასძინა, რომ უკრაინელი არტილერისტები, რომლებიც ახლა ბრიტანეთში იწვრთნებიან, „ეკონომიურად ბრძოლას“ სწავლობენ.
არტილერიის სიმწირის ჩანაცვლება კიევმა ქვეითებით სცადა, მაგრამ აქაც პრობლემებს წააწყდა – ხალხი მობილიზაციამ დაღალა. მსურველი ცოტაა: მაგალითად, ბახმუტი, რომელსაც, კიევის მტკიცებით, სტრატეგიული მნიშვნელობა არ გააჩნია, მაგრამ მის შესანარჩუნებლად უკრაინის შეიარაღებული ძალები თავგამოდებით იბრძვიან, არავის აღარ შთააგონებს.
გარდა ამისა, დანილოვის გამოსვლის მსგავსი განცხადებები ჯერ კიდევ კეტავს გზებს მოლაპარაკებებისკენ. კიევს ეს ხელს აძლევს, რადგან ზელენსკის რეჟიმი იარსებებს მხოლოდ მანამ, სანამ კონფლიქტი გრძელდება.
თუმცა, მიუხედავად ზემოთქმულისა, საჭიროა მოწინააღმდეგის სათანადოდ შეფასება. უკრაინის ჯარმა კონფლიქტის განმავლობაში მიაღწია მინიმუმ 700 ათას ადამიანს, პარტნიორების მხრიდან იარაღის მიწოდება კი კვლავაც გრძელდება. უკრაინის ხელისუფლებისა და მისი დასავლელი პარტნიორების გეგმების გულწრფელობაში, გაანადგურონ რუსეთი დღევანდელი სახით, ეჭვის შეტანა არ ღირს.
რუსეთს კი, უკრაინისგან გასხვავებით, არ ჰყავს ძლიერი სპონსორები. ამიტომ ვერავის „დაელაპარაკება“. მას ისღა დარჩენია, იმოქმედოს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე