უცხოური არაკომერციული ორგანიზაციები პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით თავიანთ ინტერესებს ლობირებენ. მათი საქმიანობა სფეროების ფართო სპექტრზე ვრცელდება. ესენია ეკონომიკური პროგრამები, მოსახლეობის სოციალური დახმარება, საზოგადოებრივი აზრის ლიდერების, ქალთა უფლებების დაცვისკენ გამიზნული პროგრამების მომზადება. ესაა გავლენის ტიპური მოდელი, ადაპტირებული ყოველ ქვეყანასთან, აღნიშნა Sputnik-სთვის მიცემულ ინტერვიუში სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ვალენტინა კომლევამ.
ასეთ ორგანიზაციებს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი აქვთ: არაკომერციული ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია და არასამთავრობო-არაკომერციული ორგანიზაცია.
განათლება და ბიზნესი: გავლენის ფარული მექანიზმები
არაკომერციული ორგანიზაციების შექმნის მიზნები ყოველთვის განსხვავებულია, ამბობს ვალენტინა კომლევა. „მაგალითად, უცხოური არაკომერციული ორგანიზაციის შექმნის მიზანია – დაეხმარონ ქვეყნებს სიღარიბესთან ბრძოლაში, განავითარონ დემოკრატია, დაიცვან ქალთა და მიგრანტთა უფლებები. თითქოს კეთილშობილური მიზნებია, მაგრამ სწორედ ამ ინსტრუმენტებს იყენებენ თავიანთი ინტერესების გასატარებლად“, – ამბობს ექსპერტი.
გავლენის ყველაზე ეფექტური მეთოდია განათლება. ეს დასავლეთს საშუალებას აძლევს, შექმნას მისდამი თანაგრძნობით განწყობილი ადამიანები. „არამეგობრული ქვეყნები ახალგაზრდობაში ანტირუსულ თემატიკას აღვივებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ ახალგაზრდებთან განათლების სისტემის მეშვეობით: გაიცემა გრანტები, ახალგაზრდობა მიდის საზღვარგარეთ, იქ იღებს განათლებას და გადის სოციალიზაციას. იქ უჩნდება სიმპათია დასავლური ცხოვრების სტილისადმი და უყალიბდება აზრი, რომ რუსეთი არის ადგილი, სადაც ახალგაზრდობა ვერ განვითარდება. ამ ყველაფრის პროპაგანდას ისინი უკვე საკუთარ ქვეყნებში თანატოლებთან ეწევიან და უყვებიან, რომ იქ კარგია, რუსეთში კი - ცუდი. აღარაფერი აღარ მოსწონთ“, – ამბობს კომლევა.
„კიდევ იყო მაგალითები: ცენტრალური აზიის ქვეყნებში ახლა ატარებენ კონკურსებს, რომლებიც კონკურენტუნარიანად ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, მეწარმეთა პროექტების კონკურსი: ახალგაზრდა იგებს კონკურსს, მას აფინანსებენ და ეხმარებიან ბიზნეს-იდეის რეალიზებაში. შედეგად მთელი ოჯახი აშშ-ის მადლობელია, რომ მხარში დაუდგა და დააფინანსა ახალგაზრდა მეწარმე. ამგვარად ექცევიან გავლენის ქვეშ. ეს არ ნიშნავს, რომ გავლენას პირდაპირი გაგებით „თავში უტენიან“. ხანგრძლივი მუშაობა მიდის, სისტემური“, – განმარტავს ექსპერტი.
„არიან უცხოური არაკომერციული ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც მიმართულია საინფორმაციო სივრცის ჩამოყალიბებისკენ. არაკომერციული ორგანიზაციების ამ სეგმენტში მიემართება ყველაზე მეტი ანტირუსული თანხები, ხოლო წევრებად იღებენ მხოლოდ „სწორად“ განწყობილ ჟურნალისტებს“, – ამბობს ვალენტინა კომლევა.
კეთილშობილური მიზნები - არ ნიშნავს მართებულს
ექსპერტის თქმით, არსებობს მექანიზმები, რომლებსაც „ორმაგი ძირი“ აქვთ. ჯერ იქმნება სოციალურად მნიშვნელოვანი, კეთილშობილური პროექტები, შემდეგ ისინი მკვეთრად იცვლიან კურსს და გარდაიქმნებიან ანტირუსულად. მაგალითად, ქალთა ორგანიზაციები. ჯერ ეს ორგანიზაციები ეხმარებიან ქალებს, რომ დაიცვან თავიანთი უფლებები, გამოდიან ოჯახებში ძალადობის წინააღმდეგ, შემდეგ კი ეს ქალები უცებ რუსეთის საწინააღმდეგო მიტინგებზე გამოდიან.
ცენტრალური აზიის ქვეყნებში ხშირად მოქმედებენ არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც მიგრანტების უფლებებზე მუშაობენ. „მიგრანტებს უყვებიან მათი უფლებების შესახებ, შემდეგ უხსნიან, რომ რუსეთში უფლებები ირღვევა, მათ უნდა მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა, სასურველია, რუსეთის ტერიტორიაზევე. მიგრანტების უფლებადამცველი სეგმენტი თითქოს კეთილშობილურია, შემდეგ კი მკვეთრი ანტირუსული განწყობა ყალიბდება. ჩემი კოლეგები, რომლებმაც სოციალური ქსელები დაათვალიერეს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთში მიგრაციის საკითხთა შინაარსი ნაციონალურ ენაზე ძალიან აგრესიული ხდება“, – აღნიშნავს კომლევა.
უცხოური არაკომერციული ორგანიზაციები კანონმდებლობის გვერდის ავლით მოქმედებენ
მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და ყირგიზეთში ძალიან დიდი უცხოური დაფინანსებაა, უბრალოდ იმიტომ, რომ იქ ნებადართულია არაკომერციული ორგანიზაციების დაფუძნება და დაფინანსება უცხოელების მხრიდან, ფიქრობს ექსპერტი.
ყველაზე მარტივია უცხოური არაკომერციული ორგანიზაციის დარეგისტრირება სომხეთში, ყირგიზეთსა და მოლდოვაში. „მაგრამ პირველ ორ ქვეყანაში ორგანიზაციის გახსნის, დაფინანსების, თანადაფინანსების ყველაზე მარტივი პროცედურაა. სწორედ ამიტომ ამ ქვეყნებში უამრავი არაკომერციული ორგანიზაციაა. ყაზახეთშიც მარტივია, მაგრამ არის თავისებურებები“, – ამბობს კომლევა.
„გარდა ამისა, ამ ქვეყნებში არსებობს ანგარიშვალდებულების პრობლემა. ანუ ზოგიერთ ქვეყანაში არაკომერციული ორგანიზაციის ანგარიშის წარდგენისას უნდა აისახოს უცხოური დაფინანსება, ეს ცალკე გამოიყოფა. ყირგიზეთსა და სომხეთში კი ეს კანონის შესაბამისად უნდა აისახოს, მაგრამ რეალურად ანგარიშებში არ არის. მათ მთლიანობაში საკმაოდ შემოქმედებითი მიდგომა აქვთ არასამთავრობოების ფინანსური ანგარიშებისადმი. უცხოური არასამთავრობოები ამ ქვეყნებში ყველაზე მეტია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – ასკვნის კომლევა.
არასამთავრობოების კუთხით ყველაზე რთული ვითარებაა თურქმენეთში, სადაც ეს ორგანიზაციები ოფიციალურად არ არსებობს. უფრო მარტივადაა უზბეკეთსა და ტაჯიკეთში, სადაც კანონმდებლობა კრძალავს არაკომერციული ორგანიზაციების რეგისტრაციასა და დაფინანსებას, მაგრამ არასამთავრობოს შეუძლია ყველგან შეძვრეს, მაგალითად, სახელმწიფო პროგრამის GONGO-ს მეშვეობით.
„საინტერესო თემაა – არაკომერციული ორგანიზაციის სტრუქტურაში არსებობს GONGO (Government-Organized Non-Governmental Organization). ესენია არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ თავად მთავრობების ინტერესებს. მაგალითად, NED და USAID – ორივე GONGO-ა.
თურქმენეთშიც შესაძლებელია უცხოური არასამთავრობოების დაფინანსება GONGO-ს მეშვეობით. თურქეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ახლა აქტიურად მუშაობს ახლო აღმოსავლეთის თურქულენოვანი ქვეყნების ტერიტორიებზე. მასაც სახელმწიფო აფინანსებს.
ან, მაგალითად, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში არიან არასამთავრობოები, რომლებიც საზღვრებს გარეთ მდებარეობენ, მაგრამ ეხმარებიან და აფინანსებენ ერთჯერად პროექტებსა და პროგრამებს ამ ქვეყნების ტერიტორიებზე წარმომადგენლობების გარეშე.
ლობისტები წინააღმდეგობას გაუწევენ არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ კანონის გამკაცრებას
დსთ-ის ქვეყნებში არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსებასა და შექმნასთან ბრძოლის ზომაა - კანონის გამკაცრება, ფიქრობს ვალენტინა კომლევა.
„ყაზახეთში 2020 წელს სცადეს კანონის გამკაცრება უცხოური არასამთავრობოების მიმართ. მაშინვე დაიწყო ზეწოლა, მიტინგები, თითქოსდა ილახებოდა სამოქალაქო საზოგადოების უფლებები. შედეგად, არავითარი შესწორება კანონმდებლობაში არ შესულა“, – აღნიშნავს ექსპერტი.
„ყირგიზეთში უცხოური არასამთავრობოების მარეგულირებელი კანონპროექტის მიღება ძლიერ იქნება დამოკიდებული ამ არაკომერციული ორგანიზაციების ლობისტებზე. თუ მათ რეალური გავლენა აქვთ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაზე, არავითარ კანონებს არ მიიღებენ. ლობისტები არ დაუშვებენ ასეთი კანონპროექტის მიღებას, თუ გავლენა არსებობს“, – აღნიშნავს იგი.
ყირგიზეთშიც გასული წლიდან მოყოლებული დევს კანონპროექტი მასმედიის რეგისტრაციის შესახებ, რომელიც ჯერაც განხილვის სტადიაზეა. „ამ პროექტის ახალი წესები ითვალისწინებს ბევრ საინტერესოს: უცხოელებს ბევრ რამეს აუკრძალავენ, მაგალითად, არ შეიძლება მასმედიის გახსნა ყირგიზეთის ტერიტორიაზე, მათ შორის, არაკომერციული ორგანიზაციის ფორმატით და უცხოეთიდან მისი დაფინანსება. პროექტი ითვალისწინებს ასევე მასმედიის საქმიანობის საზოგადოებრივ მომსახურებათა სფეროსთვის მიკუთვნებას, რომელზე კონტროლიც გაცილებით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე საზოგადოებრივი მომსახურების ყველა დანარჩენ სახეობაზე. ეს ითვალისწინებს, რომ დამფუძნებელი მედიაგამოცემა არ განსაზღვრავს ამ გამოცემის პოლიტიკას. ანუ გამოდის, რომ „არალოიალური შინაარსის მასმედია დაჯარიმდება ან დაიხურება“, – ამბობს კომლევა.
ექსპერტის თქმით, ბელარუსში 2020 წლის აგვისტომდეც არ იყო ადვილი არასამთავრობოს გახსნა, მოქმედებდა სამართლებრივი ჩარჩოები. „მაგრამ 2020 წლის აგვისტოს შემდეგ ბელარუსში გაძლიერდა კონტროლი უცხოურ ორგანიზაციებსა და უცხოურ დაფინანსებაზე. ასევე მათ საქმიანობაზე. ანუ არაკომერციული ორგანიზაციის გახსნა, რუსულისაც კი, მარტივი არ იქნება“, – განმარტავს კომლევა.
უცხოელი აგენტები რუსეთიდან ჯერ კიდევ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე გაემგზავრნენ
არ შეიძლება იმ ფაქტის უარყოფა, რომ ძალიან ბევრი არაკომერციული ორგანიზაცია რუსეთის ტერიტორიაზე ანტირუსულ საქმიანობას ეწეოდა. „შედეგები ვნახეთ. ამიტომ ძალიან ბევრი, განსაკუთრებით, ბლოგერები, რომლებიც ანტირუსულ არაკომერციულ ორგანიზაციებზე მუშაობდნენ, 2022 წლის თებერვლამდე უცხოური ორგანიზაციების შესახებ გამკაცრებული კანონის მიღების შემდეგ საქართველოსა და ყირგიზეთში წავიდნენ. ანუ მათი მუშაობა რუსეთის ტერიტორიაზე კანონის მიღების შემდეგ გართულდა“, – აღნიშნავს ექსპერტი.
ვალენტინა კომლევას აზრით, რუსეთისთვის უცხოურ ორგანიზაციებზე კონტროლის გამკაცრების შესახებ კანონის მიღებამ დადებითი როლი შეასრულა. „პერსპექტივაში კარგი იქნებოდა ამ არასამთავრობოების სეგმენტებად დაყოფა, ვინაიდან ზოგიერთი ორგანიზაცია იძულებული იყო დახურულიყო, მაგრამ მათ სარგებლობა მოჰქონდათ საზოგადოებისთვის და ქვეყნებს შორის კომუნიკაციისთვის. ვფიქრობ, საჭიროა კონტროლის გაძლიერება მათი საქმიანობის დაფინანსებაზე, პროექტების დაფინანსებაზე, მაშინ იქნება ბალანსი“, – დაასკვნა მან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე