უცხოელ ინვესტორს დიდი ოდენობით თანხა თაღლითურად გამოსძალეს: დაკავებულია ერთი პირი

დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული უძრავი ქონების რეალიზაციით დაკავებული ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი იყო. იგი საქართველოში ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორს შეუთანხმდა, რომ კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის ნებართვების მოპოვებასა და შესაბამისი თანმხლები დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას გაუწევდა.
„ბრალდებულმა სხვა პირთა დახმარებით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები – არქიტექტურული და საინჟინრო კომუნიკაციების პროექტები, გეოლოგიური დასკვნები, რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლა დამკვეთის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 707.449 დოლარის ოდენობით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიება სსკ-ის 362-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.