თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები 2023 წელს მონღოლეთისა და ტაილანდის გუნდებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
ვილი სანიოლის გუნდი პირველ მატჩს მონღოლეთის ნაკრების წინააღმდეგ 25 მარტს გამართავს, 12 ოქტომბერს კი გუნდი აზიის ზონის კიდევ ერთ წარმომადგენელს უმასპინძლებს – საქართველოს ნაკრების მეტოქე ტაილანდი იქნება.
საქართველო–მონღოლეთის მატჩი 25 მარტს „ბათუმი არენაზე" შედგება, ტაილანდთან მატჩის მასპინძელი სტადიონი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ასეულის მიღმა არიან – მონღოლეთი 183-ე, ტაილანდი კი 111-ე ადგილზეა. რეიტინგში საქართველოს ნაკრები ამჟამად 78-ე პოზიციაზეა.