მოსაზრება: ენერგეტიკული კრიზისი ევროკავშირში შესუსტდა, მაგრამ არ დასრულებულა

Sputnik
იგორ იუშკოვი
მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროკომისიამ გამოაქვეყნა 2023 წლის ეკონომიკური პროგნოზი. დოკუმენტი წარმოადგენს როგორც ევროკავშირის ეკონომიკასა და ენერგეტიკაში ადრე განვითარებული მოვლენების, ისე წლევანდელი მოლოდინების მიმოხილვას.
მთლიანობაში ევროჩინოვნიკები ოპტიმისტურად არიან განწყობილი. ევროპული ეკონომიკისთვის ახლა გაცილებით უკეთესი ვითარებაა, ვიდრე წინა წელს. პრობლემების პიკი 2022 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირდა. ეს, პირველ რიგში, ძვირადღირებულ ენერგომატარებლებთან იყო დაკავშირებული.
აგვისტოში ათასი კუბომეტრი გაზის საბირჟო ფასი ფაქტობრივად 3000 დოლარს აღწევდა. ეს ევროპის ეკონომიკაში პრობლემებს ქმნიდა, სულ მცირე, იმის გამო, რომ ენერგიის ღირებულება ნებისმიერი პროდუქციის საბოლოო ფასშია გათვალისწინებული. ამიტომ შარშან ევროპაში გაძვირდა როგორც საქონელი, ისე მომსახურება. ამან გაზარდა ინფლაცია. ბალტიისპირეთში, მაგალითად, მან 20% შეადგინა.
ევროკომისიის პროგნოზის თანახმად, შარშან ევროკავშირის საშუალო ინფლაცია 9,2% იყო, 2023 წელს 6,4%-მდე, ხოლო 2024 წელს 2,8%-მდე შემცირებას ელოდებიან.

გაზის ფასებთან დაკავშირებული პოლიტიკური თამაშები

ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი წარმოადგენს ობიექტური ეკონომიკური მონაცემებისა და პოლიტიზებული შეფასებების ნაზავს. მაგალითად, ავტორები უთითებენ იმაზე, რომ ყველა ეკონომიკური პრობლემა წარმოიქმნა რუსეთის გამო. თუმცა აღიარებენ, რომ ეკონომიკურ კრიზისს ენერგეტიკული კრიზისი უდევს საფუძვლად. გაზის ფასი კი მთელი 2021 წლის განმავლობაში იზრდებოდა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე და ანტირუსული სანქციების დაწესებამდე, და ეკონომიკის საკითხთა ევროკომისარმა პაოლო ჯანტილონიმ ეს საკუთარ პრეზენტაციაზე ნათლად წარმოაჩინა.
ასეთივე მიდგომას ევროკომისია იყენებს პროგნოზის სხვა ნაწილებშიც. ავტორები უთითებენ იმაზე, რომ ევროპამ შეძლო ენერგეტიკული კრიზისის გადალახვა ევროპული ქვეყნების ხელისუფალთა წყალობით, რომლებმაც გაზის მოხმარების შემცირების გეგმა მიიღეს. თითქოსდა მისი წარმატებით რეალიზაციის ფარგლებში მოხერხდა დეფიციტის შემცირება, რამაც ფასების დაწევა გამოიწვია. ბუნებრივია, ევრობიუროკრატები ცდილობენ შექმნილი გარემოებები საკუთარ დამსახურებად წარმოაჩინონ.
სინამდვილეში ევროპაში გაძვირებული გაზის გამო 2022 წელს ბევრი საწარმო ან საერთოდ გაჩერდა, ან შეამცირა პროდუქციის გამოშვება. ძვირადღირებული ენერგია ხომ საქონლის თვითღირებულებაზეც მოქმედებს და ის არაკონკურენტუნარიანი იყო სხვა ქვეყნების – აშშ-ის და ჩინეთის ანალოგიურ პროდუქციასთან შედარებით. შედეგად – გაზის გაძვირებასთან ერთად ევროპაში მისი მოხმარებაც შემცირდა.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, ევროკავშირში გაზის მოხმარება 2022 წელს დაახლოებით 50 მილიარდი კუბომეტრით, დაახლოებით 10%-ით შემცირდა. Bruegel-ის ინსტიტუტი კი 12%-ზე მიუთითებს. ორივე ორგანიზაცია თანხმდება, რომ ძირითადი შემცირება სამრეწველო სექტორში მოხდა. თანაც ჩანს მკაფიო ურთიერთკავშირი: რაც უფრო მაღალია ფასი, მით ნაკლებს მოიხმარს მრეწველობა.
ევროკავშირში გაზის მოხმარების შემცირება გახდა გაზის ფასის დაწევის ერთ-ერთი ნამდვილი მიზეზი. თუ გაზს მყიდველი არ ჰყავს, დეფიციტიც მცირდება.

ევროპაში არა და არ აცივდა

ფასების შემცირების მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი ძალიან თბილი ზამთარი გახდა. ბევრ ევროპულ ქვეყანაში მთელი ზამთარი ჰაერის ტემპერატურა ნულს ქვემოთ არ ჩამოსულა. ბერლინში, მაგალითად, ახალი წლისთვის პლუს 15 გრადუსი იყო. ასეთ პირობებში გათბობას გაცილებით ნაკლები გაზი სჭირდებოდა, ვიდრე საშუალოდ წინა წლებში.
სწორედ ეს უსახავს ევროპელებს ოპტიმიზმს: თუ საცავებში გაზის სოლიდური მარაგი დარჩება, საცავების შესავსებად ნაკლები ნედლეულის შეძენა მოუწევთ. 2022 წელს გაზს ყიდულობდნენ ნებისმიერ ფასად, ოღონდ გაზის საცავები 100%-ით აევსოთ, მაღალ ფასებს ინარჩუნებდნენ.
ევროკომისია რისკებზეც საუბრობს. პროგნოზში მითითებულია, რომ გაზის დეფიციტი შეიძლება ჩინეთისა და ევროპელი მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნის შენარჩუნების გამო დაბრუნდეს.
მართლაც, ევროპელებისთვის ჯერ ადრეა მოდუნება. წლევანდელი ზამთარი ევროკავშირისთვის საჩუქარი იყო. მაგრამ ამჟამინდელ სიტუაციაშიც კი გაზის ფასი მაღალ ნიშნულზე რჩება: იანვარში $600-700 ათას კუბომეტრზე, თებერვალში – $500-600. თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ასეთ ფასებს მეტისმეტად მაღალს უწოდებდნენ.
მაგრამ აღსანიშნავია მეორე საჩუქარიც, რომელსაც 2022 წლის განმავლობაში ევროპას ჩინეთი უკეთებდა.

რა შუაშია კორონავირუსი

შარშან პეკინი კორონავირუსის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ატარებდა. ინფიცირებულთა მცირე რაოდენობის გამოვლენის შემთხვევაშიც კი მთელი ქალაქები იკეტებოდა. შესაბამისად, ადამიანები და საქონელი არ გადაადგილდებოდა, საწარმოები ჩერდებოდა.
შედეგად 2022 წელს ჩინეთმა გაზის იმპორტი 9,9%-ით შეამცირა, თანაც თხევადი აირის შეძენის შემცირების ხარჯზე. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი ფაქტობრივად არ უწევდა კონკურენციას ევროპას.
2023 წელს პეკინმა კარანტინებზე უარი თქვა, რაც ეკონომიკის განვითარებას იმპულსს მისცემს, ე.ი. გაიზრდება გაზის იმპორტიც. 2023 წლის იანვარსა და თებერვალში აზიაში გაზი უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში, და თხევადი აირი უკვე დიდწილად იქ მიედინება. ამიტომ ევროკავშირს მოუწევს უფრო მაღალი ფასის შემოთავაზება, თუ თხევადი აირის საკმარისი მოცულობის მიღება სურს.

სანქციების მეორე მხარე

ევროპისთვის რისკების მეორე ტიპი გაზის მომწოდებლების მხარესაა. 2022 წლის თითქმის მთელი პირველი ნახევარი ევროკავშირში რუსეთიდან დიდი მოცულობით გაზი მიედინებოდა. გაზის მოცულობამ საგრძნობლად შემცირება მხოლოდ ზაფხულში დაიწყო. 2023 წლის 1 იანვრიდან კი ევროკავშირს „გაზპრომისგან“ შეძენის გაზრდის შესაძლებლობა არა აქვს. გაზის გამათხიერებელი ახალი ქარხნები მხოლოდ 2026-2030 წლებში გამოჩნდება (ამოქმედდება აშშ-სა და კატარში).
მაგრამ ევროკომისია პროგნოზში ამას უთითებს არა იმისთვის, რომ ევროპელები საფრთხის შესახებ გააფრთხილოს და ობიექტურად შეაფასოს რისკები. ევროჩინოვნიკებს უნდათ აჩვენონ, რომ ენერგეტიკული კრიზისის გასულ ტალღას ევროკავშირი თითქოსდა მათი ძალისხმევით გაუმკლავდა. მაგრამ ვინაიდან რისკი რჩება, ეროვნულმა მთავრობებმა მომავალშიც უნდა გადასცენ ენერგეტიკის მართვის უფლებამოსილება ბრიუსელს და სუვერენიტეტი გვერდზე გადადონ.
ეს გზა მეტად სახიფათოა ევროპული მრეწველობისთვის. მაგრამ ევრობიუროკრატები ალბათ არ მოუსმენენ მსხვილ ბიზნესს, რომელიც ქმნიდა ევროკავშირს, როგორც „ნახშირისა და ფოლადის ევროპულ გაერთიანებას“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე