უამინდობის მიუხედავად ქუთაისის აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში სრულდება

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უამინდობა თვის ბოლომდე გასტანს.
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. დასავლეთ საქართველოში ინტენსიური თოვის მიუხედავად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ ეტაპისთვის რეისები ჩვეულ რეჟიმში სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
აეროპორტის ცნობით, აეროპორტის შესაბამისი სამსახურები თვითმფრინავის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ და დღეისათვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება შეუფერხებლად ხერხდება.
უწყების ცნობით, ავიაკომპანია Israir Airlines-ის კუთვნილი Airbus A320 თვითმფრინავი ბათუმში წვიმისა და ძლიერი ქარის გამო ვერ დაჯდა და ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. მგზავრები ბათუმში ავტობუსებით გადაიყვანეს, 69 მგზავრი კი, რომლებიც ბათუმიდან ისრაელში მიფრინავდნენ, უახლოეს საათებში თელ-ავივში აგრეთვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდება.
საქართველოში უამინდობაა, რაც, სინოპტიკოსების პროგნოზით, თვის ბოლომდე გასტანს.