მოზარდს სექსს აიძულებდა: დაკავებულია 21 წლის მამაკაცი

ახალგაზრდა მამაკაცი მოზარდს მისი ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით აშანტაჟებდა.
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. პოლიციელებმა ახალქალაქში დააკავეს 21 წლის მამაკაცი, რომელიც 15 წლის გოგონას ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით აშანტაჟებდა და სექსუალურ ურთიერთობებს აიძულებდა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბრალდებულსაც და დაზარალებულსაც სახაზინო ადვოკატები იცავენ. სასამართლომ, რომელიც დახურული იყო, ბრალდებულს აღკვეთის ზომად პატიმრობა უკვე შეურჩია.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოზარდის ინტიმური ფოტოები სოციალურ ქსელში მაინც გავრცელდა. თუმცა უცნობია, ის ბრალდებულმა გაავრცელა, თუ საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებენ.
დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის ორი მუხლით – სექსუალური კავშირის იძულება (ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) და გამოძალვა. დანაშაული 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს