კახა კალაძე: ვანდალიზმის ფაქტებზე ჯარიმები მკაცრდება

ვანდალიზმი დედაქალაქისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, აღნიშნა თბილისის მერმა.
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების დაზიანება ან განადგურება დაჯარიმებას გამოიწვევს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მერის თქმით, ვანდალიზმი ძალზე მტკივნეული საკითხია ქალაქისთვის და, სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება ფაქტები, როდესაც ადამიანები მიზანმიმართულად აზიანებენ ინფრასტრუქტურას.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი სივრცეებში და მუნიციპალურ ტრანსპორტში ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მომზადდა. აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.

„ქალაქში ძალიან ბევრი ვანდალიზმის ფაქტი ფიქსირდება და უმეტესად ამაში მოზარდები არიან დამნაშავე. შესაბამისმა სამსახურმა ვანდალიზმის ამსახველი არაერთი ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ხდება ახლადრეაბილიტირებული სივრცეების დამტვრევა და მიზანმიმართულად განადგურება. არავის სიამოვნებს ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ პრევენციის მიზნით ამ ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია", – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება როგორც მუნიციპალიტეტის, ისე სახელმწიფოს ქონებას.
ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
საშიშია - კალაძემ თბილისში ვანდალიზმის ფაქტები დაგმო>>>
ასეთივე ჯარიმა დაწესდება საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანების ან განადგურების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანების ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში.
იგივე ქმედების განმეორება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.
ამჟამად მოქმედი კანონით სამართალდარღვევად მიიჩნევა 150 ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონების დაზიანება ან განადგურება, ამაზე ნაკლების შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.