თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. უამინდობის გამო საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები ამოქმედდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
უწყების ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.