სალომე ზურაბიშვილმა ნიკოს ქრისტოდულიდისს კვიპროსის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

დამოუკიდებელმა კანდიდატმა ნიკოს ქრისტოდულიდისმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 51,91% მიიღო.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკოს ქრისტოდულიდისს კვიპროსის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
დამოუკიდებელმა კანდიდატმა ნიკოს ქრისტოდულიდისმა ხმების 51,91% მიიღო. მან არჩევნების მეორე ტურში თავისი კონკურენტი ანდრეას მავროიანისი დაამარცხა, რომელსაც მხარს უჭერდა მთავარი ოპოზიციური პარტია – კვიპროსის მშრომელი ხალხის პროგრესული პარტია (AKEL).

„ნიკოს ქრისტოდულიდისს ვულოცავ კვიპროსის პრეზიდენტად არჩევას. ჩვენს ქვეყნებს ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე საერთო წარსული და საერთო ღირებულებები აქვთ. ველი თქვენთან ერთად მუშაობას, რათა ჩვენს ერებს შორის თანამშრომლობა და კავშირები უფრო ძლიერი და ღრმა გახდეს", – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

ნიკოს ქრისტოდულიდისი დიპლომატი, პოლიტიკოსი, კვიპროსის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია.