თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოში უამინდობა თვის ბოლომდე გაგრძელდება, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ.
მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში 14-15 თებერვლის ღამეს ყველაზე ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი.
„დღეიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. ძლიერი თოვა დასავლეთში უკვე დაიწყო. სანაპიროს გარდა, ახლა ყველგან თოვს: ზუგდიდში, ქუთაისში, ზესტაფონში, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში“, – განაცხადა ნიორაძემ ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში.
როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, თოვლი მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოშიც – გორში, მთლიანად შიდა ქართლში და მაღალმთიან რაიონებში. აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან ქარი გაძლიერდება და შესაძლოა წამში 20-25 მეტრს მიაღწიოს.
თბილისში მოსალოდნელია მცირე თოვლი, ამინდი ძირითადად უნალექო იქნება.
18 თებერვლის შემდეგ ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს და ნალექი ნელ-ნელა შეწყდება, განაცხადა ნიორაძემ.