თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს.
„ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა – სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. მანამდე მათ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და ამასთან პარტია, რომელსაც ბევრ რამეში მხარს უჭერენ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ.
როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტი ძირითადად შედგენილია აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით და ასევე გათვალისწინებულია სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.
კანონპროექტის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე. მით უმეტეს, რომ არასამთავრობო სექტორი და მასმედია აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროექტის მიხედვით, სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთან, ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისგან.
როგორც მოძრაობის განცხადებაშია აღნიშნული, პრაქტიკულად დასრულებულია მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედიასივრცეში სიცრუისა და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას.
„ხალხის ძალა“ აღნიშნული კანონპროექტის საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებას უახლოეს დღეებში გეგმავს.