თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ საკანონმდებლო ინიციატივა კატეგორიულად მიუღებელია და ის არასამთავრობო სექტორის გაკონტროლებას ისახავს მიზნად, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა.
„ხალხის ძალამ“, რომლის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობაში შედიან, პარლამენტში მოახდინეს კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიცირება. ის ითვალისწინებს რეესტრის შექმნას, რომელშიც უნდა დარეგისტრირდნენ არაკომერციული იურიდიული პირები და მასმედია, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალებით ფინანსდება.
„ეს არის ყოვლად მიუღებელი და საშინელი ინიციატივა. ცვლილებების მთავარი მიზანია – ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია გაკონტროლებული იყოს და ფინანსური სანქციების მეშვეობით მთავრობის მხრიდან მათზე კონტროლი დამყარდეს. თუ საჭირო იქნება, შემდეგ ნებისმიერი ასეთი ორგანიზაციის დახურვაც შეიძლება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ოპოზიციონერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან პრეტენზია გააჩნია, მათი კონტროლის ქვეშ მოქცევა საბოლოო ჯამში ძალიან ცუდად დასრულდება.
„გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ერთ-ერთი ალტერნატიული აზრის წყარო ჩვენს ქვეყანაში და არ შეიძლება, მთავრობაზე იყოს ჩამოკიდებული. ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ. არ მეგულება ოპოზიციაში ვინმე, ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტი ძირითადად შედგენილია აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით და ასევე გათვალისწინებულია სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.
კანონპროექტის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე. მით უმეტეს, რომ არასამთავრობო სექტორი და მასმედია აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში.
პროექტის მიხედვით, სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები.
ამასთან, ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისგან.