ბაკურიანის გზებზე ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს სათხილამურო კურორტი 42 ქვეყნიდან 700-მდე სპორტსმენს უმასპინძლებს.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტზე მძღოლებისთვის შეზღუდვები ამოქმედდა, რათა ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებმა და სტუმრებმა შეუფერხებლად გადაადგილება შეძლონ, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
ჩემპიონატი 16 თებერვლიდან 5 მარტამდე გაიმართება. საქართველოს სათხილამურო კურორტი 42 ქვეყნიდან 700-მდე სპორტსმენს უმასპინძლებს.

გზები და პარკინგი

15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00-დან 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო „მგზავრებამდე“.
15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ. კუთხის „ნიკორამდე“.
15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, 09:00-დან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც იმოძრავებს სპეციალურად ჩემპიონატისთვის დანიშნული მარშრუტებით. მათ შორის, სრულად შეზღუდულ მონაკვეთებზე - კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროებამდე.
დანარჩენ დროს მანქანებით გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი.
შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გახანგრძლივდა კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროების მუშაობის დრო - 09:00-დან 18:00 საათამდე.
საბაგიროებთან არსებულ ავტოსადგომები 00:00-დან 16:00 საათამდე მხოლოდ ჩემპიონატის ავტომობილებისთვის იქნება განკუთვნილი.

პირველი ჩემპიონატი

საქართველო პირველად უმასპინძლებს ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელშიც 42 ქვეყნიდან 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტის შვიდ სახეობაში 30 შეჯიბრება გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში უკვე დამონტაჟებულია 29 კმ-ნი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, სამი საბაგირო, 307 ათასი კუბური მეტრის მოცულობის ორი წყლის რეზერვუარი, ექვსი ახალი ტრასა.
გარდა ამისა, შეძენილია სპეციალური ტექნიკა, უსაფრთხოების ინვენტარი.
ინვესტიციებმა დაახლოებით 300 მლნ ლარი შეადგინა.
ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობა, მთის ტრასების სააგენტო და საქართველოს სათხილამურო ფედერაცია.