თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა მიმდინარე წლის იანვარში სირიაში 60 ბოევიკი გადაიბირეს, რათა რუსეთსა და დსთ-ის სხვა ქვეყნებში ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად გაგზავნონ, აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური.
„დაზვერვის სამსახურში შემოსული სანდო ინფორმაციის თანახმად, ამერიკელი სამხედროები აქტიურად აგროვებენ ბოევიკებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და ალ-ქაიდასთან აფილირებული ჯიჰადისტური დაჯგუფებებიდან, რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რუსული დაზვერვა ამტკიცებს, რომ ამერიკელები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ შუა აზიისა და ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებიდან ბოევიკების მოზიდვას.
უწყებაში ირწმუნებიან, რომ „ის ტერორისტები, რომლებსაც უკვე აქვთ ახლო აღმოსავლეთის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება, ახლა დაჩქარებულ წვრთნას გადიან სირიის ამერიკულ ბაზაზე ეტ-ტანფში“.
„იქ მათ ასწავლიან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებასა და გამოყენება, ასევე დივერსიულ-ძირგამომთხრელი საქმიანობის მეთოდებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კარგად დაცულ ობიექტებზე, მათ შორის, უცხოურ დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმების დაგეგმვას", — აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვა.
უწყების ინფორმაციით, ახლო მომავალში შეერთებული შტატები მათ რუსეთსა და დსთ-ის სხვა ქვეყნებში გადაისვრის მცირე ჯგუფებით, რათა დიპლომატებზე, საჯარო მოხელეებზე, სამართალდამცველებსა და სამხედრო პერსონალზე თავდასხმები მოაწყონ ისეთ საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებებთან ერთად, როგორებიცაა: „ჰიზბ უთ-ტაჰრირი“, „ჯამაათ ანსარულა“ და „უზბეკეთის ისლამური მოძრაობა“.
როგორც რუსულ დაზვერვაში ამბობენ, ასეთი ქმედებებით აშშ უმსხვილეს საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებებს უტოლდება.