თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ქართველი მხატვრის სვიმონ დადიანის ხუთი ნამუშევარი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციიდან ხელოვნების სასახლეში დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ექსპერტებმა ერთ-ერთ მათგანზე დაზიანება აღმოაჩინეს. ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ კახაბერ ჭუმბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტილოები პრეზიდენტის რეზიდენციაში (ორბელიანების სასახლეში) 2020 წლიდან ინახება. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის თხოვნით, ნახატები დროებითი გამოფენისთვის იქნა გადაცემული. დოკუმენტების მიხედვით, კონტრაქტის ვადა იყო ორი წელი, რომელიც 2022 წლის დეკემბერში ამოიწურა. 2023 წლის დასაწყისში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიიღეს წერილი გამოფენის გაგრძელების შესახებ.
„მაშინდელი მიღება-ჩაბარების აქტი როცა შედგა, 2020 წელს, იქ აღწერილობა მოცემულია და ნახატი დაზიანებული არ ყოფილა... როდესაც დეკემბრის თვეში ჩატარდა მონიტორინგი, აღმოჩნდა, რომ ნახატი დაზიანებული იყო. ამიტომ ვალდებული ვართ ეს ნახატი წავიღოთ. რესტავრაცია მოხდება“, – განაცხადა ჭუმბაძემ.
მისი თქმით, წესების მიხედვით, ხელოვნების სასახლის წარმომადგენლებმა ჩაატარეს მონიტორინგი და აღმოჩნდა, რომ ერთ ნახატს ნახევის სახით აქვს დაზიანება, ხოლო ორს აღენიშნებოდა ანაქერცლი.
დაზიანების მიზეზის დასადგენად კვლევა ჩატარდება. ჭუმბაძის თქმით, დაზიანების მიზეზები შესაძლოა იყოს ყველაზე ბანალური, მაგალითად, ნახატების ტრანსპორტირება.
ამასთან, კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, პრეზიდენტის რეზიდენციაში არსებული ნახატების დაცვაზე პასუხისმგებელია პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის სფეროში კოტე ნაცვლიშვილი, რომელმაც ხელი მოაწერა დოკუმენტს.
სვიმონ დადიანის ბიოგრაფია
სვიმონ დადიანი სულ რაღაც ხუთი წლის იყო, როდესაც 1921 წელს მშობლებთან და და-ძმებთან ერთად საქართველო დატოვა. სვიმონმა სამხატვრო განათლება ჯერ პარიზში მიიღო, მოგვიანებით კი აშშ-ში, სადაც სწავლის შემდეგ დარჩა საცხოვრებლად.
მეორე მსოფლიო ომის დროს დადიანი გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ იბრძოდა ევროპაში, აშშ-ის სადესანტო ჯარების შემადგენლობაში. გარდაიცვალა 1974 წელს სან-ფრანცისკოში.
ამერიკის შეერთებული შტატების საგამოფენო დარბაზებში პერიოდულად ტარდებოდა სვიმონ დადიანის ქანდაკებებისა და ნახატების გამოფენები. ხოლო მისმა ერთ-ერთმა რეზონანსულმა გამოფენამ „შავი ტორსი" 1953 წელს თანამედროვე ხელოვნებისა და ფერწერის საგანგებო პრიზი დაიმსახურა.