ტურიზმი საქართველოში: კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის ტრენინგების ახალი სერია დაიწყო

ტრენინგის მიზანი სოციალური ქსელების საშუალებით ბიზნეს ობიექტების პოპულარიზაცია და გაყიდვების გაზრდაა.
Sputnik
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის ტრენინგების ახალი სერია - „სოციალური მედიის მართვა“ დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტრენინგის მიზანი შიდა ტურიზმის ხელშეწყობა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა, კერძოდ, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა შეძლონ სოციალური ქსელების საშუალებით ბიზნეს ობიექტების პოპულარიზაცია და გაყიდვების გაზრდა.
სასწავლო კურსი ქვეყნის მასშტაბით 14 ქალაქსა და დაბაში იმართება. ადმინისტრაციის ცნობით, ტრენინგი უკვე დასრულდა თბილისში და ეტაპობრივად მცხეთაში, გორში, კასპში, ქუთაისში, წყალტუბოში, ბაღდათში, ოზურგეთში, ბათუმში, ამბროლაურში, თელავში, ყვარელში, რუსთავსა და თეთრიწყაროში ჩატარდება.
ტრენინგში განთავსებისა და კვების ობიექტის 210 თანამშრომელი მონაწილეობს.
ტრენინგის ძირითადი თემებია:
სოციალური მედია-პლატფორმების გაცნობა (თითოეულის განმასხვავებელი ნიშნები, ათვისების და გამოყენების შესაძლებლობები);
სოციალური მედიის სწორად მორგება, ბიზნესიდან გამომდინარე, პროფილის სწორად აწყობა და ოპტიმიზაცია;
კონტენტის შექმნა, მომხმარებელთან კომუნიკაცია, კონტენტის ფორმების შერჩევა;
კონტენტის შექმნა /Canva-ს გამოყენება, პლატფორმების სპეციფიკაციები;
რეკლამის ტიპები სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა კრეატურების შერჩევა და გამოყენება (ინფლუენსერები) ბიზნესისთვის;
შედეგების ანალიტიკა, კონკურენტების მონიტორინგი;
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებს მთელი წლის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს.
წყარო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია