თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების მუხლებით წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა მამაკაცი 10 თებერვალს დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 9 თებერვალს ბრალდებულმა არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა