თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება ყველაზე ნაკლებად ხარჯიანია ქართული ეკონომიკისთვის მაღალი ინფლაციის პირობებში, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
თებერვლის დასაწყისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა - 11%.
„ჩვენი რწმენით, დღეს ჩვენი ეკონომიკებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად ხარჯიანი ალტერნატივაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ფასების სტაბილურობის შენარჩუნების გრძელვადიანი სარგებელი ბევრად აღემატება ეკონომიკური საქმიანობის დროებითი შეზღუდვის მოკლევადიან ხარჯებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ დღეს ინფლაცია ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკა აწყდება.
მანამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი რჩება ორიენტირებული ინფლაციის შემცირებაზე და არსებული პროგნოზით, მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს მკაცრ მონეტარული პოლიტიკას.
წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის იანვარი 2022 წლის იანვართან შედარებით) საქართველოში 9,4% შეადგინა.