თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული საქონელი ამოიღეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მებაჟეებმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დათვალიერებისას 200.000 შვეიცარიული ფრანკი, 3.400 ევრო (საერთო ჯამში 581.483,76 ლარი) და 22.761,25 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები (243,41გრამი) აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს სანქციის სახით საქონლის ჩამორთმევა შეეფარდა, ხოლო მეორე პირის საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.