ძროხა ჯინსების სანაცვლოდ: Levi’s-ის სარეკლამო რგოლი ქართველ ბიჭზე

რეკლამა არის Levi's-ის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც „501“ ჯინსის მოდელის გამოშვებიდან 150 წლის იუბილეს ეძღვნება.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილმა ამერიკულმა ბრენდმა Levi's-მა სარეკლამო კამპანიაში Greatest Story Ever Worn ქართული ამბავი წარმოადგინა.
ვიდეორგოლი იწყება იმით, რომ ბიჭი ათვალიერებს ჟურნალს და ხედავს Levi's-ის ჯინსის რეკლამას. შემდეგ მოდის წარწერა: „თბილისი, საქართველო, 1982“.
ბიჭი გადაწყვეტს „სამართლიან გაცვლას" (ვიდეორგოლს სწორედ ასე ჰქვია - Fair Exchange) – ძროხა გადაცვალოს Levi’s-ის ჯინსში. მას ძროხას მიჰყავს მინდვრებში, რაც საკმაოდ უცნაურია, რადგან ხედები უფრო სოფელს ჰგავს, ვიდრე თბილისს. საბოლოოდ ის ძროხას მიუყვანს მეზობელს, რომელიც პირდაპირ მის თვალწინ იხდის და აძლევს ჯინსებს, რომელიც მას ასე უნდოდა.
ეს ვიდეორგოლი არის Levi's-ის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც „501“ ჯინსის მოდელის გამოშვებიდან 150 წლის იუბილეს ეძღვნება. კამპანია შეიქმნა Droga5-თან თანამშრომლობით. ვიდეოებში წარმოდგენილი ყველა სიუჟეტი კი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული.
სოციალური ქსელების ქართულ სეგმენტში ვიდეოს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ 1982 წელს თბილისში არ იყო მინდვრები, ძროხები და ბოსლები.