თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. წელს გაიზრდება აუტიზმით დაავადებული ბავშვების რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ თბილისის მერიის შესაბამის განვითარების პროგრამაში ჩართვას, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
საუბარია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაზე“, რომელშიც, დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, მარტიდან დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვება. ჯამში ამ პროგრამით 1.850 ბავშვი და მოზარდი დაფინანსდება.
პროგრამა ვრცელდება 2-დან 18 წლამდე ბავშვებზე. ის მოიცავს თვეში 20 საათ თერაპიას, საიდანაც 16 საათი ქცევითი თერაპიაა, დანარჩენი დრო არჩევითია – ლოგოპედია, ოკუპაციური თერაპია (თერაპია ყოველდღიური აქტივობებით - რედ.) და სხვ.
ბენეფიციარების რაოდენობის ზრდის პარალელურად გაიზარდა იმ დაწესებულებების რაოდენობაც, რომლებიც ამ სერვისს ახორციელებენ. ამ დროისათვის მერიის პროგრამით გათვალისწინებულია ცხრა დაწესებულება.
„მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს, რომ გვერდში დაუდგეს ამ ოჯახებს, ამ პატარებს, მოზარდებს და პროგრამა შეუფერხებლად განხორციელდეს. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ინდივიდუალური გეგმის მიხედვით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი თერაპიული სეანსები“, – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მერია ერთი ბენეფიციარისთვის წელიწადში 4.800 ლარს გამოყოფს.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ როცა „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“ იწყებოდა, 2015 წლის ივლისში, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი სულ ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იყო. დღეისათვის კი პროგრამის ბიუჯეტი 7.383.000 ლარს შეადგენს.
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.
რამდენი ადამიანია საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე, უნცობია. განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი რეგიონებში, სადაც მშობლებს რცხვენიათ საკუთარი შვილების გამოჩენა, ბევრს ბოლომდე არა აქვს გაცნობიერებული, რითია დაავადებული მათი შვილი და როგორ უნდა მოეპყრან მათ.
2013 წელს განათლების სამინისტრომ პროგრამის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა" ფარგლებში ქვეყნის სახელმწიფო სკოლებში ინტეგრირებული კლასები გახსნა. მას შემდეგ სპეციალისტები მოდელის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.