მოსაზრება: Leopard-1 უკრაინისთვის - ხის ტანკები ურფინ ჯუსის ჯარისკაცებს

Sputnik
გერმანიამ გადაწყვიტა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Leopard-1 ტიპის ტანკების მსხვილი პარტია გადასცეს. 40 წლის წინ შეიარაღებიდან ამოღებული მანქანების ეფექტურობა არც წარსულში დადასტურებულა და არც თანამედროვე ბრძოლაშია ნათელი. თუმცა დასავლეთში, ალბათ, ფიქრობენ, რომ „ურფინ ჯუსის ხის ჯარისკაცებს“ ნებისმიერი ტანკი გამოადგებათ.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ 7 თებერვალს დაადასტურა, რომ კიევს რეზერვიდან Leopard 1A5 ტიპის 178 ტანკს გადასცემს. ბერლინში იციან, რომ გერმანული ტანკები უკრაინაში სწრაფად დაიწვება. ამიტომ თანამედროვე მოდიფიკაციების გაგზავნა მიზანშეწონილი არ არის, დიდი ხნის წინ ჩამოწერილი Leopard 1 კი არ ენანებათ. კიევი 2023 წლის გაზაფხულზე 12 სახელმწიფოდან 140 ტანკის მიღებას იმედოვნებს.
Leopard 1A5 ტანკების დიდ ნაწილს გერმანია უკრაინას ტექნიკის „რეანიმაციის“ შემდეგ მიაწვდის, ანუ არაუადრეს 2024 წლისა. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე გერმანული Leopard II და ამერიკული Abrams-იც საკმაოდ მოწყვლადი აღმოჩნდა და ბევრი ასეთი მანქანა განადგურდა ერაყის, სირიის, იემენის ტერიტორიებზე ისლამისტური, ქურთული, ჰუსიტური ფორმირებების მხრიდან.
1986 წელს შემუშავებული მოდიფიკაცია Leopard 1A5 საბრძოლო მახასიათებლებით დიდად არ განსხვავდება 1965 წლის მოდელისგან. აქვს სხვაგვარი კავშირის აპარატურა, სამიზნე და ჯავშანი. ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებში Leopard 1A5-ს მონაწილეობა არ მიუღია, რომ არაფერი ითქვას უფრო გამძლე საბჭოთა „თანატოლებთან“ (Т-62 ან Т-64) დაპირისპირებაზე. სპეციალიზებული გამოცემა Military Watch წერს: „1960-იანების Leopard უკრაინაში ვითარების გარდატეხას ვერ შეძლებს“.
ნატოს ხელმძღვანელობა შეშფოთებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების დიდი დანაკარგებით და დახარჯული საბრძოლო მასალის მოცულობით. აშშ-ის ევროპული სარდლობის ხელმძღვანელის, გენერალ კრისტოფერ კავოლის მონაცემებით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში რუსული არტილერია დღეში საშუალოდ 20 ათას ჭურვს იყენებს, უკრაინული – ოთხჯერ ნაკლებს.

ნატო ემზადება საუკუნოვანი გამოცდისთვის

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ გეგმავს უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში შეიარაღება მიაწოდოს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესისთვის გამიზნულ ყოველწლიურ მიმართვაში 8 თებერვალს პირობა დადო, რომ უკრაინას დაეხმარება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნებოდა. და დასძინა, რომ უკრაინული კონფლიქტი აშშ-სთვის და მთელი მსოფლიოსთვის საუკუნოვანი გამოცდაა. ნათელია, რომ აშშ აპირებს უკრაინა რუსეთთან ბრძოლის ფორპოსტად დატოვოს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩაფრინდა, რათა ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსულიყო და შორი მანძილის იარაღი – რაკეტები და თვითმფრინავები ეთხოვა. აღსანიშნავია, რომ ზელენსკი იმედოვნებს 180 გამანადგურებლის მიღებას, პენტაგონი მხარს უჭერს, ლონდონს კი გაცილებით ნაკლები გამანადგურებელი თვითმფრინავი ჰყავს.
უკრაინას რუსეთის ჰიპოთეზურად დასამარცხებლად სჭირდება სულ რაღაც „400 ათასი იდეალურად მომზადებული ჯარისკაცი და ნატოს იარაღი“. ბრიტანეთი მზადაა ერთ წელიწადში მოამზადოს 20 ათასი უკრაინელი სამხედრო. ლონდონში უკრაინელი გამანადგურებლების მფრინავებისთვის და საზღვაო ქვეითებისთვის გამოცხადებულია ნატოს სტანდარტებით სწავლების დაწყება.
ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს (194 ათასი სამხედრო მოსამსახურე) არ ჰყავთ დაკომპლექტებული დანაყოფები და საბრძოლო მასალის საკმარისი რაოდენობა ნატოს მონაწილეობით კონფლიქტის შემთხვევისთვის. ტელეარხმა Sky News-მა 6 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია: 25-30 ათასიანი დივიზიის ფორმირებისა და შეიარაღებისთვის ლონდონს დასჭირდება 10 წელი, დღეს კი ბრძოლისთვის მზადაა მხოლოდ 10 ათასი ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე. როგორ აპირებენ ეს ინსტრუქტორები რუსეთთან ომისთვის 20-30 ათასი უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას ერთ წელიწადში? კითხვა რიტორიკულია.
ანალოგიური სიტუაციაა ნატოს წევრ სხვა ქვეყნებში. ალიანსის საბრძოლო პოტენციალის პროექციის პრობლემის მოგვარება უკრაინაში პრაქტიკულად შეუძლებელია. The New York Times აღნიშნავს: „რთული იარაღის დიდი ნაწილი მოითხოვს უკრაინელი სამხედროების სერიოზულ მომზადებას, რადგან მათ ეს იარაღი არასდროს გამოუყენებიათ და ამ პროცესს თვეები და წლები სჭირდება“. Leopard-სთვის ტანკისტების მომზადებას სამი თვე უნდა – ხარისხის გარანტიის გარეშე. F-16-ის მფრინავების ყველაზე დაჩქარებულ სწავლებას – არანაკლებ ექვსი თვე. უკრაინაში ნატოს სტანდარტების ტანკებისა და გამანადგურებელი ავიაციის სავარაუდო გამოჩენა მიმდინარე წელს შესაძლებელია მხოლოდ ალიანსის ტანკისტებისა და მფრინავების მონაწილეობით. ეს კი სულ სხვა ამბავია. რუსეთის „ბირთვული“ გაფრთხილების უგულებელყოფის შემთხვევაში ნატომ შეიძლება გადაკვეთოს კრიტიკული „წითელი ხაზი“ და გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია.
დასავლეთი აცნობიერებს, რომ გერმანული, ამერიკული, ბრიტანული ტანკები და თვითმფრინავები ობიექტურად ვერ ეწერება უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურაში, ლოგისტიკასა და ტაქტიკაში და მხოლოდ ახალ პრობლემებს წარმოქმნის. გამოცემა The American Greatness წერს, რომ „უკრაინა მარცხის ზღვარზეა და ვერავითარი იარაღი მას ვერ გადაარჩენს... რუსეთს შეუძლია იმაზე მეტი იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება, ვიდრე მთელ დასავლეთს“.
აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო საწარმოებს შეუძლიათ უკრაინისთვის თვეში არაუმეტეს 12 ტანკის გამოშვება. რუსულმა ჯარმა კი 11 თვეში უკრაინის შეიარაღებული ძალების 7.789 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურა, მათ შორის ტანკებიც.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 7 თებერვალს კიევისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარებას უპრეცედენტო უწოდა და განაცხადა, რომ მიწოდებული შეიარაღება ადვილად ნადგურდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე