თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. საქართველო მდებარეობს 8-9-ბალიან სეისმურ ზონაში, ამიტომ რეგიონის სეისმური აქტივობის გათვალისწინებით, მაღალსართულიანი შენობების აშენება დიდ საფრთხეს წარმოადგენს, განუცხადა Sputnik-საქართველოს ტექნიკურ მეცნიერებათა პროფესორმა, „საქართველოს მშენებელთა ლიგის“ თავმჯდომარემ ანზორ საკანდელიძემ.
მისივე თქმით, რისკს წარმოადგენს 12 სართულს ზემოთ მაღალსართულიანი კორპუსები, ასევე უკანონო მიშენებების მქონე სახლები.
„თბილისსა და ბათუმში უკვე აშენებულია 30-40 სართულიანი შენობები, ეს დაუშვებელია. თბილისმა შეიძლება საშუალო სიძლიერის მიწისძვრასაც ვერ გაუძლოს, 6-7 ბალიანი მიწისძვრას კი ნგრევას ახასიათებს“, - განაცხადა საკანდელიძემ.
ექსპერტის თქმით, მთლიანობაში, ვითარება კრიტიკულია. მთავარი პრობლემა არის ის, რომ 30 წელზე მეტია ქვეყანაში არც ერთი შენობა არ შემოწმებულა სეისმომედეგობაზე, ამიტომ ამ შენობების უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია უბრალოდ არ არსებობს.
გარდა ამისა, შემოწმების ჩატარება შეუძლებელია იმის გამოც, რომ დღეს ქვეყანას არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე სპეციალისტების სერიოზული დეფიციტია.
საკანდელიძე დარწმუნებულია, რომ 2004 წელს მშენებლობის სამინისტროს გაუქმება გახდა ყველა იმ პრობლემის წინაპირობა, რაც საქართველოს სამშენებლო სექტორში არსებობს და ის კოლეგებთან ერთად მრავალი წელია ითხოვს მის აღდგენას, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
„მშენებლობის სამინისტროს გაუქმების შემდეგ - უწყების, რომელიც მთელ მსოფლიოში არის სეისმური უსაფრთხოების, ხარისხის და ყველა წესის, კანონის, სამშენებლო სტანდარტების დაცვის გარანტი - კონტროლი მხოლოდ ქაღალდზე დარჩა, მერიაში კი მხოლოდ მცირე სამსახურებია დარჩენილი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ქაოსი", - აღნიშნა მან.
ექსპერტს მიაჩნია, რომ პრობლემის ნაწილობრივი გადაწყვეტა 5 ბალზე მეტი სიძლიერის მიწისძვრების პროგნოზირების პროექტის განხორციელებაა, რომელიც დაფინანსების არარსებობის გამო სამი წელია გაჩერებულია.
„ამ მეცნიერულ კვლევებს საქართველოში ჩვენი „სამშენებლო ლიგის“ სეისმოლოგები აწარმოებდნენ“, - განაცხადა მან.
საუბარია მიწისძვრის პროგნოზირების სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე. დეტექტორიდან მიღებული მონაცემებით განხორციელდება პირველი გამოთვლები, რაც შესაძლებელს გახდის მომავალი მიწისძვრის შესახებ 50 დღით ადრე შევიტყოთ. გამოთვლების მეორე ეტაპზე 5 ბალზე მეტი სიმძლავრის მიწისძვრის შესახებ ინფორმაციის მიღება ორი დღით ადრე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ექსპერტმა.
საქართველო - საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
2022 წლის თებერვალში საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი - 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.