ვანდალიზმი თუ ხელოვნება - რა მოხდა ეროვნულ გალერეაში

ჯგუფური გამოფენა, რომელიც 4 თებერვალს გაიხსნა, სკანდალით დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ქართველმა მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ გახსნაზე კედლიდან თავისი სურათი ჩამოხსნა და ვარდისფერი საღებავით გააკეთა წარწერა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.
ჯგუფური გამოფენა, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც იყო სულაბერიძე, XIX საუკუნიდან დღემდე სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს. ღონისძიება 12 მარტამდე გაგრძელდება.
გალერეაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გამოიძახეს. გამოძიება დაინტერესდა, თუ რა მიზანი ჰქონდა სულაბერიძეს ამ პერფორმანსით და იცოდა თუ არა შავგულიძემ მხატვრის განზრახვის შესახებ.

„ვფიქრობ, ეს არის აქცია და არა პერფორმანსი, თუმცა შეიძლება იყოს „ჰეპენინგი“, რომელიც მან იმ წუთას სპონტანურად გადაწყვიტა“, – განაცხადა შავგულიძემ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში და აღნიშნა, რომ მხატვარი კონკრეტულად ამ გამოფენის წინააღმდეგ არ მოქმედებდა.

შავგულიძე დარწმუნებულია, რომ სულაბერიძემ ზუსტად იცოდა, რომ მისი მოქმედების გამო შეიძლება გამოძიება დაწყებულიყო.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ჰეპენინგი არის თანამედროვე თეატრალური ხელოვნების ჟანრი, რომელშიც საგანგებოდ აქცენტირებულია იმპროვიზაცია, „შემთხვევითობით წარმართული“ მოქმედების განვითარება, ძირითადად აბსურდის თეატრის კანონების მიხედვით.