ყლაპეთ შავი პილპილის მარცვლები და დაიკელით წონაში: ექსპერტების რჩევა

Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. თუ შავი პილპილის გამოყენების ისტორიას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს სანელებელი ოდითგან ფართოდ გამოიყენებოდა სამკურნალო მიზნებისთვის, წერს გამოცემა Sabah სპეციალისტებზე დაყრდნობით.
როგორც ექიმები ამბობენ, შავი პილპილი უებარი საშუალებაა ძილისა და საჭმლის მონელების პრობლემების მოსაგვარებლად, მზითა თუ სხვა სახის დამწვრობების, ასევე პირის ღრუს წყლულების, კბილის ტკივილის გასაყუჩებლად და მალე მოსარჩენად.
და ეს შავი პილპილის მხოლოდ რამდენიმე სიკეთეა.
სპეციალისტების თქმით, შავი პილპილი:
მოქმედებს როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, ვინაიდან დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს და ადამიანს სხვადასხვა ინფექციებისა და დაავადებებისგან იცავს;
დამცავ ეფექტს ახდენს კუჭისა და ნაწლავების ჯანმრთელობაზე, უზრუნველყოფს ორგანიზმში მარილმჟავას გამოყოფას;
შეიცავს პიპერინს, რომელიც წონის დაკლებას უწყობს ხელს. ექსპერტების აზრით, პიპერინი ეწინააღმდეგება ცხიმოვანი უჯრედების ზრდას და ამავდროულად აჩქარებს ცხიმების წვას. სწორედ ამიტომაცაა, რომ შავი პილპილი, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ფართოდ გამოიყენება წონის სამკურნალო დაკლებაში;
ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე სანელებელი ხელს უშლის უჯრედების დეფორმაციასა და დაზიანებას, შესაბამისად, კიბოს უჯრედების წარმოქმნას;
შავი პილპილის მარცვლების ყლაპვა მრავალი დაავადების პროფილაქტიკაა. ის წმენდს კუჭსა და ნაწლავებს, ასევე ხელს უწყობს წონის სწრაფად დაკლებას. გარდა ამისა, შავი პილპილის მარცვლის გადაყლაპვა ამცირებს მოწევისადმი ლტოლვას;
ანტისტრესული ეფექტის გამო სანელებელს აქვს დამამშვიდებელი მოქმედება.
დაიმახსოვრეთ: შავი პილპილი ზომიერი რაოდენობით — დაფქული იქნება (კერძების შესანელებლად) თუ მარცვლოვანი, სარგებლობას მოგიტანთ, ჭარბი რაოდენობით მიღებამ კი შესაძლოა გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.

შავი სანელებლის მინუსები

გამომდინარე იქიდან, რომ შავი პილპილი ცხარე სუნელია, მან შესაძლოა გამოიწვიოს გულძმარვა. ამიტომ მგრძნობიარე კუჭის მქონე ადამიანებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
ცხვირში შავი პილპილის მოხვედრა უარყოფითად იმოქმედებს სუნთქვასა და სასუნთქ გზებზე.
უსაფრთხოა თუ არა ორსულობისას შავი პილპილის ჭამა? ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა. ექიმების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ფეხმძიმობისას ქალის ორგანიზმი ბევრად მგრძნობიარე ხდება გარკვეული პროდუქტების მიმართ, ჯობს მათ ამ სანელებლის მიღებისგან თავი შეიკავონ. თუმცა კერძების შემადგენლობაში შავი პილპილის მცირე რაოდენობა ორსულებს ზიანს არ მიაყენებს.

შავი პილპილის კალორიულობა და კვებითი ღირებულება

100 გრამი შავი პილპილი შეიცავს დაახლოებით 250 კილოკალორიას. კერძებში ეს სანელებელი დაახლოებით ერთიდან ორ გრამამდე გამოიყენება, რაც საშუალოდ 6 კკალ-ს უდრის;
პროდუქტი შეიცავს ცილებს. 100 გრამ შავ პილპილში დაახლოებით 10 გრამი ცილაა;
მდიდარია უჯრედისით, ასევე კალიუმით, ფოსფორით, ნატრიუმითა და თუთიით;
შეიცავს რკინას, კალციუმსა და მაგნიუმს;
მასში დიდი რაოდენობით შედის ვიტამინები: C, E, K, B6, B12, ასევე A და D ვიტამინების წარმოებულები;
შავ პილპილში შედის თიამინი, ნიაცინი, რიბოფლავინი;
არ შეიცავს კოფეინსა და ქოლესტერინს.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა და პრეტენზია არ აქვს პროფესიულ სამედიცინო რეკომენდაციებზე. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
წყარო: Sabah