სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი არ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თითქმის ორი თვის განმავლობაში იხილავდა.
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ გაიზიარა ექს-პრეზიდენტის ადვოკატების პოზიცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი გათავისუფლების შესახებ.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.
პროცესი რამდენიმე კვირა გაგრძელდა, რა დროსაც გაიმართა 15 სხდომა. ამ ხნის განმავლობაში გამოიკითხა დაცვის მხარის და პენიტენციური სამსახურის 24 მოწმე.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო თითქმის ორი თვის განმავლობაში იხილავდა. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ორჯერ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლეოდნენ. 12 მაისიდან ის „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.