თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ყველა მიმართულებით ადგილებზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები განუწყვეტლივ მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით.
ტრანსპორტის გადაადგილებაზე სპეციალური რეჟიმები ამ დროისათვის მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის 30-50 კმ მონაკვეთზე (სოფ. გომბორი–შუამთის მონასტრის გადასახვევი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52 კმ მონაკვეთზე (გომი–საჩხერე) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე–უზუნთა–შქმერი–ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
თოვლისა და მოსალოდნელი ზვავსაშიშროების გამო ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზის 53-66 კმ მონაკვეთზე (კორშა–ბისო) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის 1-53 კმ მონაკვეთზე კი (ჟინვალი–კორშა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 125-151 კმ მონაკვეთზე (მელე–ლასდილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის 99-125 კმ მონაკვეთზე (ჭველიერი–მელე) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 30-186 კმ მონაკვეთზე (ჯვარი–უშგული) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხაიში–უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის ზუგდიდი–ჯვარის მონაკვეთზე.