ძიუდო: ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია - ვიდეო

ლაშამ ფინალში ბრაზილიელი დანიელ კარგნინი ერთ წუთში ეფექტური იპონით დაამარცხა
Sputnik
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) პარიზში მიმდინარე დიდი სლემის პრესტიჟული ტურნირის პირველ დღეს ჩვენ გუნდს ოქროს მედალი მოუტანა.
პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცებში 60, 66 და 73 კგ, ქალებში კი 48, 52, 57 და 63 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდა. პარიზის ტურნირში მონაწილეობისთვის 85 ქვეყნის 550 სპორტსმენი დარეგისტრირდა.
ლაშამ ფინალში ბრაზილიელი დანიელ კარგნინი ერთ წუთში ეფექტური იპონით დაამარცხა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა პარიზის გრანდ სლემის ტურნირზე შარშანდელი შედეგი გაიმეორა.
შარშანდელ გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
საფრანგეთის დედაქალაქში კვირას რვა ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.