საქართველოში მომავალი კვირიდან „ნამდვილი ზამთარია“ მოსალოდნელი

ამინდის გაუარესება გამოწვეულია ციმბირის სტეპებიდან არქტიკულ-კონტინენტური წარმოშობის ჰაერის ნაკადის ჩამოსვლით, განაცხადა მეტეოროლოგმა
Sputnik
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოში სამშაბათიდან, 7 თებერვლიდან მოსალოდნელია „ნამდვილი ზამთარი“: ნალექი წვიმისა და თოვლის სახით, დაწერა სოციალურ ქსელში მეტეოროლოგმა კობა ფარტენაძემ.
„ნამდვილი ზამთარი“ მომავალ კვირას მოდის! გაყინული ჰაერის ბირთვი (ე.წ. NìKola ), რომელიც ჩამოდის რუსეთიდან, ალბათ სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ჩვენი რეგიონების დიდ ნაწილზე... სამშაბათს, 7 თებერვალს, მთელს ქვეყანაში მოსალოდნელია ნალექი, წვიმისა და თოვლის სახით“, - დაწერა ფარტენაძემ.
მისი თქმით, ამინდის გაუარესება გამოწვეულია ციმბირის სტეპებიდან არქტიკულ-კონტინენტური წარმოშობის ჰაერის ნაკადის ჩამოსვლით, რომელიც გავრცელდება 6 თებერვლიდან, ჯერ აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, შემდეგ ხმელთაშუა ზღვის აუზში და შავი ზღვის ცალკეულ ნაწილზე.
მეტეოროლოგის თქმით, ანტიციკლონის გავლენა ჩრდილოეთიდან ვრცელ ტერიტორიაზეა. ეს დინამიკა დამახასიათებელია ზამთრის თვეებისთვის და ხშირად არის თოვლის საწინდარი ძალიან დაბალ სიმაღლეებზეც.