საქართველოს პარლამენტი მუშაობას მომავალ კვირაში შეუდგება

მთავარი საკითხები იქნება საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები გენერალური პროკურორის არჩევის წესზე, ახალი კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“
Sputnik
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. პარლამენტის საგაზაფხულო სესია 7 თებერვალს გაიხსნება და ივნისის ბოლომდე გასტანს.
საგაზაფხულო სესიის მთავარ საკითხებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა წარმოადგენს.
მთავარი საკითხები იქნება საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები გენერალური პროკურორის არჩევის წესზე, ახალი კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, ასევე რიგი სხვა საკანონმდებლო ინიციატივები.
გარდა ამისა, პარლამენტმა უნდა აირჩიოს სახალხო დამცველი, რომლის შერჩევის პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გასულ წელს ერთხელ უკვე ჩაიშალა, პოლიტიკურმა პარტიებმა კანდიდატურაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ევროკომისიის რეკომენდაციების გარდა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განხილვის საგანი იქნება სახელმწიფო უწყებების, მათ შორის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სახალხო დამცველის ანგარიშები.
ასევე, პარლამენტში შევა არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ძალის“ მიერ დაანონსებული ახალი კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“, ასევე მთავრობის ახალი ინიციატივები.
საგაზაფხულო სესიაზე პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ ინტერპელაციის ფორმატი და დაუსვან შეკითხვები პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ მინისტრებს და უწყებების ხელმძღვანელებს, ასევე მოუსმინონ მთავრობის წარმომადგენლებს მინისტრთა საათის ფორმატში და შეაფასონ მათი საქმიანობა.