თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გზებზე მოძრაობისას გამოიჩინოს სიფრთხილე - მოსალოდნელია თოვლი.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ ამინდის მკვეთრ გაუარესებას თბილისში - თოვლსა და დაბალ ტემპერატურას.
არსებული პროგნოზით, 6 და 7 თებერვალს თბილისსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსალოდნელია დაბალი ტემპერატურა და ინტენსიური თოვა.
„შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, ქალაქში მოძრაობისას გამოიჩინოს სიფრთხილე, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომელთა ავტომობილებსაც არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები, მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
გზების გაწმენდის სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე განხორციელდება, რათა ავტოტრანსპორტის გადაადგილება არ შეფერხდეს, აღნიშნეს უწყებაში.
პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.