თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. საქართველოს კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის ლაურეატთა კონცერტების სერიის პირველი კონცერტი 4 თებერვალს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე ჩატარდება.
კონცერტზე შესრულდება ქართველი კომპოზიტორების - სანდრო ნებიერიძის, ლაშა ხარხელაურის და ნიკოლოზ შენგელიას -კამერული და სიმფონიური ჟანრის ნაწარმოებები.
კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი კულტურის სამინისტრომ 2022 წლის აპრილში ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრთან ერთად დააარსა.
კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება და მასში მონაწილეობა როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულე კომპოზიტორებს შეეძლებათ. კონკურსი ჩატარდება ორ ასაკობრივ ჯგუფში - 17-დან 25 წლამდე და 25 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის.