საქართველო აქტიურად გააგრძელებს აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობას

ყველა ძირითადი მონაკვეთის დასრულება იგეგმება 2024 წელს, რის შედეგადაც თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა მხოლოდ 3-3,5 საათში იქნება შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (Е-60) განვითარება, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია, 2023 წელს ასევე აქტიურად გაგრძელდება, სამუშაოები მიმდინარეობს მაგისტრალის 108 კმ-ზე, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკის განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობაზე, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
რიკოთის უღელტეხილი
ამ დროისთვის რიკოთის პროექტის მთლიანი პროგრესი, საშუალოდ 73%-ია. ამჟამად გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი და პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი–ხევის 11,6 კმ-იან, ხევი–უბისას 12,2 კმ-იან, უბისა–შორაპნის 13 კმ-იან და შორაპანი–არგვეთას 14,7 კმ-იან მონაკვეთებად.
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ხორციელდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე ურთულესი საინჟინრო ნაგებობებით.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
რიკოთის უღელტეხილი
ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების დასაშვები სიჩქარე გაიზრდება, რიგ მონაკვეთებზე კი თითქმის გაორმაგდება. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.
აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ „წითელი ხიდიდან" (აზერბაიჯანთან საზღვარი) სარფამდე (თურქეთთან საზღვარი) ჩასვლა რვა საათის ნაცვლად 4–4,5 საათში იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, 2023 წელს სამტრედია-გრიგოლეთის უკვე გახსნილ 24 კმ-იან მონაკვეთს დაემატება ახალი მონაკვეთი და ექსპლუატაციაში შევა სამტრედია-გრიგოლეთის კიდევ 13,5 კმ-იანი მონაკვეთი, რაც ზესტაფონიდან (არგვეთას კვანძიდან) ლანჩხუთამდე, 86 კმ-იანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზით გადაადგილების საშუალებას შექმნის. ამასთან, გაგრძელდება სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 ლოტის 12 კმ-იან მონაკვეთზე.
გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მშენებლობა
2023 წელს გაგრძელდება სამუშაოები გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მონაკვეთზე და გეგმის შესაბამისად, მაგისტრალურ გზებს დამატებით 6 კმ შეემატება. ასევე, 2023 წლის ბოლოს არის დაგეგმილი ბათუმის უმნიშვნელოვანესი 13,3 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება.
გრიგოლეთში შემოვლითი გზის მშენებლობა
მთლიანობაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ყველა ძირითადი მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ყველა ძირითადი მონაკვეთის დასრულება იგეგმება 2024 წელს, რის შედეგადაც თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა მხოლოდ 3-3,5 საათში იქნება შესაძლებელი.
დღეს საქართველოს დედაქალაქიდან ბათუმში ჩასვლას დაახლოებით 5 საათი სჭირდება.
ავტობანი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
წყარო - მთავრობის პრესსამსახური