თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. უკრაინისთვის კიდევ უფრო ძლიერი იარაღის გადაცემა არის ვაშინგტონის მიერ კონფლიქტის მიზანმიმართული ესკალაცია, განაცხადა რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვმა.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადეს. მასში შედის საჰაერო თავდაცვის საშუალებები, შორი დისტანციის რაკეტები HIMARS-ის სისტემებისთვის და შორ მანძილზე მოქმედი GLSDB-ის ჭურვები. ვაშინგტონი კიევს უტოვებს ამ იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ყირიმზე თავდასხმისთვის.
„ადმინისტრაციამ პრაქტიკულად ყველა „ფსონი“ დადო უკრაინაზე: საკუთარი საერთაშორისო ავტორიტეტი, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული და უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლე“, - ციტირებს „რია ნოვოსტი“ ელჩს.
მისი თქმით, ასეთი ტემპით შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა მიაღწიონ „აბსოლუტურ სიგიჟეს“, როგორიც არის, მაგალითად, უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება.
ანტონოვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერი მცდელობა განწირულია მარცხისთვის. რაც უფრო ადრე გააცნობიერებს ამას ამერიკა, მით უფრო მალე დასრულდება კონფლიქტი, დაასკვნა დიპლომატმა.
GLSDB ჭურვები - ეს ამერიკული Boeing-ისა და შვედური Saab-ის ერთობლივი პროექტია, რომლებმაც ავიაბომბი სარაკეტო ძრავით აღჭურვეს და სისტემა HIMARS-ს მოარგეს. Saab-ის მტკიცებით, ჭურვის ფრენის სიშორე 150 კილომეტრს აღემატება.