საერთაშორისო ფედერაციამ შეაფასა საქართველოს მზადება ფრისტაილის ჩემპიონატისთვის

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით 2023 წლის 16 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ბაკურიანში ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველომ მიიღო ძალიან მაღალი შეფასება ყველა შესრულებულ სამუშაოზე ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ბაკურიანში გაიმართება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
მსოფლიო ჩემპიონატამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება, ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაო თითქმის დასრულებულია. ასევე დასკვნით სტადიაზეა სპორტსმენების სოფლის მშენებლობა და მოწყობა.
„ყოველივე ეს (ფედერაციის მაღალი შეფასება - რედ.)გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის, განსაკუთრებით, სამთო ტურიზმის განვითარებას და ამ მხრივ, საქართველოს სწორ პოზიციონირებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) 2023 წლის 16 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ბაკურიანში ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, წარმდგენი კი კომპანია „სილქნეტია“.
მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარდება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში. ბაკურიანში, სადაც წელს ფრისტალის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, უკვე დამონტაჟებულია 29 კმ-ნი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, სამი საბაგირო, 307 ათასი კუბური მეტრის მოცულობის ორი წყლის რეზერვუარი, ექვსი ახალი ტრასა.
ჩემპიონატისთვის შეძენილია სპეციალური ტექნიკა, უსაფრთხოების ინვენტარი. ინვესტიციამ 300 მლნ ლარი შეადგინა.